U20 - უკეთესი შედეგით უმცროს ბოკესთან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

U20 - უკეთესი შედეგით უმცროს ბოკესთან


U20 - უკეთესი შედეგით უმცროს ბოკესთან

სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს 50-ე წუთისთვის 23:17 ამარცხებდა, თუმცა მასპინძლებმა დარჩენილ დროში 5 ლელო გაიტანეს და 48:23 იმარჯვეს.

ისე მოხდა, რომ ჩვენი გუნდის ყველა ქულა საკუთარ ანგარიშზე მგეზავმა თედო აბჟანდაძემ ჩაიწერა. მან მასპინძლებს ორი ლელო გაუტანა, ორივე გარდასახა და მონაგარს კიდევ 3 ჯარიმა შემატა.

ეს იყო სერიის მეორე მატჩი. ერთი კვირის წინ ‘ჯუნიორ ბოკემ’ 55:14 იმარჯვა და ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიზანი იყო, რომ მეორე რკენამდე გუნდს უკეთესი შედეგი ეჩვენებინა. რეალურად ასეც მოხდა - იგივე მტოქესთან ავიღეთ 9-ით მეტი ქულა და ჩამორჩენა 44-იდან 25 ქულამდე შემცირდა.

ანგარიში ჯარიმით თედო აბჟანდაძემ გახსნა, სამხრეთ აფრიკამ მალევე გვიპასუხა, თანაც საჯარიმო ლელოთი და ბექა საღინაძეც სინბინით დაისაჯა. მასპინძლებმა მეტობა უმალ გამოიყენეს და მეორე ლელო გაიტანეს. 32-ე წუთზე სტუმართა კარგი შეტევის შემდეგ თედო აბჟანდაძემ ხაზი გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა, თუმცა ‘ჯუნიორ ბოკემ’ სამიოდე წუთში ლელოთი გვიპასუხა - 17:10.

პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში აბჟანდაძემ ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო 50-ე წუთზე გუნდისა და თავისი მეორე ლელო გაიტანა, გარდასახვა კვლავ უნაკლოდ შეასრულა და საქართველო უძლიერეს მეტოქესთან 23:17 დააწინაურა.

მაგრამ აფრიკელები ამას არ შეეგუენ, დარჩენილ დროში 31 უპასუხო ქულა აიღეს და საბოლოოდ 48:23 იმარჯვეს.

შინ დაბრუნების შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები ცოტას დაისვენებენ და დასკვნით შეკრებაზე შევლენ, რომლის ფარგლებში 19 მაისს ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან, ხოლო 23 მაისს საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ითამაშებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები