კრიშტიანუ რონალდუს 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი რეალში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კრიშტიანუ რონალდუს 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი რეალში


კრიშტიანუ რონალდუს 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი რეალში

2018 წლის ივლისში მადრიდის "რეალში" დასრულდა დიდებული და სახელოვანი ეპოქა - კრიშტიანუ რონალდუს ეპოქა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 9 სეზონი გაატარა "სანტიაგო ბერნაბეუზე" და ამ დროის მანძილზე მან მოიგო უამრავი ჯილდო, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალურიც. გავიხსენოთ რონალდუს საუკეთესო მომენტები თეთრ მაისურში.

დასაწყისი - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

კრიშტიანუ რონალდუს 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი რეალში

2001 წელს "სამეფო კლუბმა" 77.5 მილიონ ევროდ შეიძინა ლეგენდარული ზინედინ ზიდანი. ფრანგი ფლეიმეიქერის ტრანსფერი 8 წლის მანძილზე რჩებოდა რეკორდულად, თუმცა 2009-ში "ბლანკოსმა" გააუმჯობესა თავისივე მიღწევა - 94 მილიონ ევროდ გადმობირებული იქნა კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელი 2013 წლამდე ინარჩუნებდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსს, რომელიც მოგვიანებით მან გარეტ ბეილს გადაულოცა.

მესისთან დუელი

კრიშტიანუ რონალდუს 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი რეალში

კრიშტიანუს "რეალში" გადმოსვლის შემდეგ დაიწყო თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე სახელოვანი ეპოქა - მესი-რონალდუს დუელი. საფეხბურთო მოედნის ბრაიანტი-ჯეიმსი ან ფედერერი-ნადალი. "ბლანკოსს" ჰყავდა კრიშტიანუ, "ბარსელონას" კი ლეო. მთელი სამყაროს ყურადღება მიპყრობილი იყო ლა ლიგისკენ, კერძოდ კი მადრიდული და კატალონიური კლუბებისკენ. პორტუგალიელი და არგენტინელი 9 წლის მანძილზე ომობდნენ სამეფო ტახტისთვის, მართალია ბრძოლა ახლაც გრძელდება, მაგრამ უკვე სხვა სცენარით.

პირველი ტიტული - კოპა დელ რეი

პირველი ტიტული, რომელიც რონალდუს ჩაუვარდა ხელში იყო ესპანეთის თასი, რომელიც მან 2011 წელს მოიგო. "რეალმა" დაძაბულ ფინალურ დაპირისპირებაში დაამარცხა ისევ და ისევ "ბარსა". ცნობისთვის, გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ კრიშტიანუმ შეაგდო.

რეალი-ბარსელონა 1:0



პირველი ოქროს ბურთი რეალის შემადგენლობაში

კრიშტიანუ რონალდუს 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი რეალში

მესი-რონალდუს დუელში თავდაპირველად ლეო დომინირებდა, რომელიც მიყოლებით იგებდა ოქროს ბურთებს, თუმცა 2013 წელს არგენტინელის სერია შეწყდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული კრიშტიანუმ დაიბრუნა. ეს იყო მისი პირველი ოქროს ბურთი "რეალის" შემადგენლობაში, ჯამში კი მეორე.

ლა დეციმა

1998 წლიდან-2002-მდე "სამეფო კლუბმა" 3-ჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო კრიზისი, რომელმაც 10 სეზონზე მეტხანს გასტანა. მშრალი სერია შეწყდა 2014-ში, "რეალი" კარლო ანჩელოტიმ ააღორძინა და მადრიდში რიგით მე-10 თასი ჩამოიტანა. რონალდუ იმ სეზონში როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყო, პორტუგალიელმა ევრო-ტურნირებზე 17 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი ფინალში.

რეალი-ატლეტიკო 4:1



მეორე ოქროს ბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი შეცვალა პორტუგალიის ნაკრების ფიასკომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ამის მიუხედავად კრიშტიანუ მაინც ითვლებოდა ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად. ასეც მოხდა - რონალდუ მორიგ პერსონალურ ჯილდოს დაეუფლა, ალბათ ყველას გვახსოვს ის ორიგინალური აღნიშნვა.

რონალდუ ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე



რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

კრიშტიანუ თითქმის მთელი მადრიდული კარიერის მანძილზე ფლობდა უნიკალურ შედეგს - პორტუგალიელს ყოველთვის ჰქონდა უფრო მეტი გატანილი გოლი ვიდრე ჩატარებული მატჩები, ჯამში - 438 შეხვედრა და 450 ბურთი. ყველაზე განსაკუთრებული კი 324-ე გოლი გამოდგა, სწორედ ამ ბურთის შემდეგ გახდა რონალდუ "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. პორტუგალიელმა 2015 წლის 17 ოქტომბერს მიაღწია აღნიშნულ მწვერვალამდე.

რონალდუს 324-ე გოლი რეალის შემადგენლობაში



ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

კრიშტიანუ რონალდუს 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი რეალში

რონალდუ მიღწეულით როგორც ყოველთვის არ დაკმაყოფილდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გოლეადორიც გახდა. კრიშტიანუს დიდი ხნის მანძილზე ეცილებოდა მესი, 2014-2015 წლის სეზონი ორმა ლეგენდამ 77-77 გოლით დაასრულა, თუმცა დროთადრო პორტუგალიელმა გაასწრო თავის არგენტინელ ანტაგონისტს. დღეს, მათ შორის სხვაობა 20 ბურთს შეადგენს, რონალდუ 120 გოლი, ლეო - 100.

ტოტალური დომინირება - ზედიზედ მოგებული 3 ჩემპიონთა ლიგა და 2 ოქროს ბურთი

2016 წლიდან კრიშტიანუს კარიერაში დაიწყო საუკეთესო პერიოდი, რონალდუ და მისი გუნდი გახდა შეუჩერებელი. თავად განსაჯეთ - ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა და 2 ოქროს ბურთი. ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა ზიდანმა, რომელმაც უბრალოდ ვარსკვლავური "რეალისგან" შექმნა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ნამდვილად, ზიზუს ბანდას მხოლოდ საკის "მილანი" ან გვარდიოლას "ბარსელონა" თუ შეედრებოდა. თავად პორტუგალიელმა კი ოფიციალურად გადმოიბირა სამეფო ტახტი მესისგან. 2016-2018 წლის შუალედის ყველაზე ლამაზი ჰაილაითი - რონალდუს მაკრატელა "იუვენტუსის" კარში:

რონალდუს მაკრატელა იუვენტუსის კარში



კიევური ფინალი - დასასრულის დასაწყისი

კრიშტიანუ რონალდუს 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი რეალში

2018 წლის მაისში "სამეფო კლუბმა" მესამედ ზედიზედ ჩაიჯიბა ლიგის თასი. გენიალური სერიალი გაგრძელდა, თუმცა კრიშტიანუმ ჩათვალა, რომ ტიტრების გაშვების დრო იყო. რონალდუმ ფინალის დასრულებისთანავე გააკეთა ორაზროვანი განცხადება, რომელშიც წასვლის სურვილი იკითხებოდა. გულშემატკივრებს არ სჯეროდათ, მაგრამ მოსახდენი მოხდა - 9 სუპერ-სეზონის შემდეგ პორტუგალიელმა დატოვა "რეალი". მშვიდობით, "სამეფო კლუბის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები