ავტორიზაცია

"რეალის" გერმანული წყევლა: 25 მატჩში 1 გამარჯვება

"რეალის" გერმანული წყევლა: 25 მატჩში 1 გამარჯვება
თარიღი 26 Feb 2014, 20:27
როგორც მოგეხსენებათ, ოთხშაბათს მადრიდელები გელზენკირხენში გამართავენ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრას. ერთი შეხედვით, სტუმრებისგან გამარჯვებას ძალიან ბევრი ელის, მაგრამ მეორე მხრივ, "სამეფო კლუბის" გერმანიაში ჩასვლა ერთგვარი წყევლასავითაა, ესპანელები იქ გამარჯვების მოპოვებას ვერა და ვერ ახერხებენ. ბოლო ექვსი დეკადის განმავლობაში "რეალს" საშინელი მაჩვენებელი აქვს. დორტმუნდის "ბორუსიასთან" მარცხი (4:1), ჩემპიონთა ლიგის 9-გზის ჩემპიონისთვის რიგით მე-18 წაგება გამოდგა გერმანიაში ჩატარებული 25 შეხვედრიდან. "თეთრებმა" 6 მატჩი ფრედ ითამაშეს და მხოლოდ 1-ხელ გაიმარჯვეს "ლევერკუზენის ბაიერთან" 2000 წელს, ჯგუფურ ეტაპზე (2:3). "ჰამბურგი" 5:1 "რეალი". 1979/80 (1/2 ფინალი) მაშინ ტურნირს ჯერ კიდევ "ევროპის ჩემპიონთა თასი" ერქვა. "რეალი" ცალი ფეხით ფინალში იყო, რადგან პირველი შეხვედრა 2–0 მოიგო და საპასუხო მატჩს კომფორტული უპირატესობით ხვდებოდა, მაგრამ გერმანელებმა სენსაცია მოახდინეს და საშინაო არენაზე სტუმრებს 5 გოლი გაუტანეს. ტრიუმფალური მატჩის შემდეგ აღფრთოვანებულ გულშემატკივარს დაშლა არ სურდა და მოედანზე კიდევ 1 საათი დაჰყო. ეს "ჰამბურგის" საუკეთესო მატჩი იყო ისტორიაში. "კაიზერსლაუტერნი" 5:0 "რეალი" 1981/82 (უეფას თასი, მეოთხედფინალი) ზემოთ აღნიშნული შეხვედრის მსგავსად, მადრიდელები ამ მატჩსაც 2 ბურთიანი უპირატესობით ხვდებოდნენ (3:1), თუმცა წარსულში მიყენებული ჭრილობები გერმანელებმა კვლავ გახსნეს. უნდა აღინიშნოს, რომ "რეალის" შემადგენლობიდან მსაჯმა სან ხოსე და კანინჰემი გააძევა. მაშინ ესპანელებს ვისენტე დელ ბოსკე კაპიტნობდა. "ბაიერნი" 4:1 "რეალი" 1999/2000 (ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი) ქაღალდზე ფავორიტი "სამეფო კლუბი" იყო, მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. 9 დღეში მიუნჰენელებმა ორჯერ დაამარცხეს "რეალი". ჯერ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 4-2, შემდეგ კი საშინაო ოლიმპიურ სტადიონზე 4-1. მასპინძელთაგან თავი გამოიჩინეს შოლმა, ელბერმა და ციკლერმა, ხოლო სტუმართაგან პრესტიჟის გოლი ივან ელგერამ გაიტანა. "ბაიერნი" 2:1 "რეალი" 2000/01 (ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი) წინა შემთხვევის მსგავსად, "ბაიერნმა" ორივე შეხვედრა მოიგო, ოღონდ ცოტათი რთულად. ესპანეთში გამართული პირველი მატჩი სტუმრებმა 1-0 მოიგეს. საპასუხო დაპირისპირებაში უკვე მე-8 წუთზე ანგარიში ელბერმა გახსნა, 10 წუთის შემდეგ ლუიშ ფიგუმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა "რეკორდმაისტერმა" პირველივე ტაიმში მოახერხა დაწინაურება. "რეალის ორჯერ დამარცხება სენსაციაა, პატარა ჯადოქრობა ჩავიდინეთ." - განაცხადა ოტმარ ჰიტცფელდმა. "ბორუსია დორტმუნდი" 4:1 "რეალი" 2012/13 (ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი) მადრიდელთა უახლოესი კრახი გასულ სეზონში დაფიქსირდა. წლის აღმოჩენამ, დორტმუნდის "ბორუსიამ", სასწაული ჩაიდინა. რობერტ ლევანდოვსკიმ პოკერი გაიფორმა და გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა. საპასუხო შეხვედრა "რეალმა" მოიგო, თუმცა 1 გოლი დააკლდა ფინალში გასასვლელად.