ჩელსი - არსენალი: ვინ მოიგებს სადებიუტო დერბის? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსი - არსენალი: ვინ მოიგებს სადებიუტო დერბის?


ჩელსი - არსენალი: ვინ მოიგებს სადებიუტო დერბის?

ინგლისის პრემიერ ლიგის მეორე ტურში მორიგი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება და კვლავ "არსენალის" მონაწილეობით - უნაი ემერი ამჯერად "სტემფორდ ბრიჯზე", პრინციპულ დერბიში, გამოცდის თავის თავს.

ამ შეხვედრის მთავარი ინტრიგა ისაა, რომ ორივე გუნდს ახალი თავკაცი ჰყავს - მაურიციო სარი და უნაი ემერი ინგლისში პირველად არიან, ამიტომ ეს მათი პირველი დიდი დერბი იქნება.

ჩელსი - არსენალი

დასაწყისი: 20:30 საათი
სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი

მაურიციო სარიმ ინგლისის სუპერთასის მატჩი უშანსოდ წააგო, სამაგიეროდ წარმატებული გამოდგა მისი დებიუტი პრემიერ ლიგაში - "არისტოკრატებმა" სტუმრად "ჰადერსფილდი" 3:0 გაანადგურეს და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, განსაკუთრებით ახალწვეულმა ჟორჟინიომ.

ჩელსი - არსენალი: ვინ მოიგებს სადებიუტო დერბის?

ამჯერად გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს გაცილებით რთული მისია აქვს - პირველი მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე", დერბი და პრინციპული მოწინააღმდეგე. თუმცა პირველ ტურში ნაჩვენები თამაშების ფონზე "ჩელსი" ფავორიტი ჩანს, თანაც ედენ აზარი ამჯერად ძირითადში უნდა იყოს.

"არსენალმა" კი ახალი სეზონი ძალიან უღიმღამოდ დაიწყო, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეტოქე მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" იყო - "ემირიათსზე" უნაი ემერიმ სადებიუტო მატჩი 0:2 წააგო და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა.

ჩელსი - არსენალი: ვინ მოიგებს სადებიუტო დერბის?

მოსალოდნელია, რომ ესპანელი სპეციალისტი ტაქტიკას შეცვლის და 4-3-3 განლაგებით იმოქმედებს, თავდასხმაში ალექსანდრ ლაკაზეტით და ობამეიანგი ფლანგზე გადაიწევს. "მეთოფეებისთვის" ეს მორიგი სერიოზული გამოცდაა და ემერის დერბიშიც მარცხის უფლება აღარ აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი: კეპა; ასპილიკუეტა, რუდიგერი, დავიდ ლუისი, მარკოს ალონსო; კანტე, ჟორჟინიო, ლოფტუს-ჩიკი; პედრო, მორატა, აზარი.
გუნდს ვერ დაეხმარებიან: ვან გიკელი, ბრაუნი, ფაბრეგასი.

არსენალი: ჩეხი; ბელერინი, მუსტაფი, სოკრატისი, ლიხშტაინერი; რემზი, ტორეირა, გენდუზი; იოზილი, ლაკაზეტი, ობამეიანგი.
გუნდს ვერ დაეხმარებიან: კოლასინაჩი, კოსელნი, ჯენკინსონი, ნილსი.

საინტერესო ფაქტები

ლონდონის "ჩელსიმ" "არსენალს" პრემიერ ლიგის ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5 მოუგო, ხოლო 1 შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

"მეთოფეებმა" ბოლო ხუთი ვიზიტიდან "სტემფორდ ბრიჯზე" ინგლისის პრემიერ ლიგის ეგიდით მხოლოდ ერთხელ მოახერხეს მეტოქის კარის აღება.

ყველა ტურნირზე ერთად "არსენალმა" ბოლო ორი თამაშში "სტემფორდ ბრიჯზე" კარი მშრალად შეინახა. ამ სტადიონზე "მეთოფეებს" სამმატჩიანი მშრალი სერია 1924 წლის იანვრის შემდეგ არ ჰქონიათ.

ეს გუნდები პრემიერ ლიგაში ერთმანეთს სულ 52-ჯერ დაუპირისპირდნენ. საწყისი 26 თამაშის შედეგად "არსენალის" მოგებების პროცენტული მაჩვენებელი 54%-ს (14 მოგება, 9 ფრე, 3 წაგება) შეადგენდა, ხოლო ბოლო 26 მატჩში მოგებების 54% უკვე "ჩელსის" ეკუთვნის - 14 მოგება, 7 ფრე და 5 წაგება.

"არსენალმა" პრემიერ ლიგის ახალი სეზონი "მანჩესტერ სიტისთან" საშინაო მარცხით (0:2) დაიწყო. "მეთოფეებს" სეზონი ორიდან ორი წაგებით 1992/93 წლების ("ნორვიჩთან" და "ბლექბერნთან") შემდეგ არ დაუწყიათ.

პიერ-ემერიკ ობამეიანგის მომდევნო გოლი მისთვის ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში გატანილი 150-ე ბურთი იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები