ავტორიზაცია

'არავინ იცის, რა მოხდებოდა, თავში კიდევ ერთხელ რომ მომხვედროდა' | რა შეიძლება იყოს ვარანის კარიერის დასრულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?

'არავინ იცის, რა მოხდებოდა, თავში კიდევ ერთხელ რომ მომხვედროდა' | რა შეიძლება იყოს ვარანის კარიერის დასრულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?
თარიღი 25 Sep 2024, 20:10
დღეს ცნობილი გახდა, რომ რაფაელ ვარანმა 31 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ტრავმიანობის გარდა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შესაძლოა, თავური თამაშისგან გამოწვეული ზიანი იყოს.

"ჩემი 7 წლის შვილი ფეხბურთს თამაშობს და ვურჩევ, რომ თავურებს მოერიდოს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაუყოვნებლივ ეფექტს ვერ დავინახავთ, ცხადია, რომ თავით მუდმივად თამაში ზიანს გვაყენებს.

არ ვიცი, 100 წელიწადს ვიცოცხლებ თუ არა, მაგრამ ის ვიცი, რომ ამან ჩემი სხეული დააზიანა. თავით თამაშის საფრთხეები სამოყვარულო და ახალგაზრდულ ფეხბურთში კარგად უნდა შეისწავლონ," - უთხრა ფრანგმა L'Equipe-ს მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც ჯერ კიდევ მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა.

ვარანი იმასაც ამბობს, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიასთან წაგებულ (0-1) მატჩში და ასევე, 2020 წელს ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ტვინის შერყევით ითამაშა:

"მუნდიალზე, მერვედფინალში, ნიგერიასთან მატჩის შემდეგ "ავტოპილოტის რეჟიმში" ვიყავი. აინტერესებდათ, გერმანიის წინააღმდეგ თამაშს რამდენად შევძლებდი. დასუსტებული ვიყავი, მაგრამ, საბოლოოდ, მოედანზე გავედი. არავინ იცის, რა მოხდებოდა, თავში კიდევ ერთხელ რომ მომხვედროდა.

ფეხბურთელები, რომლებიც უმაღლეს დონეზე ვთამაშობთ, ტკივილს მიჩვეულნი ვართ და ჯარისკაცებსაც კი ვგავართ, მაგრამ ეს სიმპტომები (ტვინის შერყევა) საკმაოდ უხილავია."


ვარანი გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კომოში გადავიდა, თუმცა ახალ კლუბში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, დღეს კი კარიერის დასრულებაზე გვამცნო.

რაფაელს ლანსში, რეალ მადრიდში, მანჩესტერ იუნაიტედსა და კომოში უთამაშია.