არსენალი პალმეირასის ახალგაზრდა ნახევარმცველში 20 მილიონ ევროს იხდის
ბრაზილიური „პალმეირასის“ 20 წლის ნახევარმცველმა, დანილომ კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
R7-ის ინფორმაციით, ფეხბურთელით დაინტერესებას ლონდონის „არსენალი“ გამოთქვამს.
როგორც ირკვევა, „მეთოფეებს“ დანილოს დამატებით ცენტრალური ხაზის გაძლიერება სურთ. ლონდონელები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ, კიდევ 5 მილიონი კი ბონუსების სახით ჩაწერონ კლუბებს შორის გაფორმებულ კონტრაქტში.
თავის მხრივ, ბრაზილიური კლუბი მაქსიმალურად ცდილობს დანილო მინიმუმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე შეინარჩუნოს, თუმცა „არსენალი“ ძალიან კატეგორიულია და ფეხბურთელით სერიოზულად ინტერესდება.
დანილო „პალმეირასში“ 2020 წლიდან თამაშობს, მისი კონტრაქტი გუნდთან 2025 წლის 31 დეკემბრამდეა გათვლილი. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt ფეხბურთელს 18 მლნ ევროდ აფასებს.