"ბევრს ვხედავ მის შესაძლებლობებში", - პელემ თავისი მემკვიდრე დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, პელემ "პსჟ"-ს ფრანგ თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.
"მბაპეს შეუძლია ჩემი მემკვიდრე გახდეს, არ ვხუმრობ. ბევრს ვხედავ მის შესაძლებლობებში. ის არის ფორვარდი, რომელიც სწრაფად აზროვნებს", - ციტირებს პელეს სიტყვებს Marca.
"როცა ბურთი მისდის, უკვე იცის, თუ რა უნდა გააკეთოს, სად წავიდეს და როგორ ითამაშოს, რათა საუკეთესო გამოსავალი მოძებნოს. დღევანდელ ფეხბურთში ეს მნიშვნელოვანი მახასიათებლებია", - დასძინა ფეხბურთის ლეგენდამ.
შეგახსენებთ, მბაპე "პსჟ"-ში 2017 წელს "მონაკოდან" გადავიდა. 22 წლის სუპერვარსკვლავი პარიზელებს იჯარით შეუერთდა, თუმცა შეთანხმებაში შემდგომი შესყიდვის ვალდებულების პუნქტი ჩაიდო.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში კილიანმა 23 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მბაპემ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო და 3 ასისტი გააკეთა.