ავტორიზაცია

ჩელსის ასტრონომიული შეთავაზება ნიკო უილიამსს

ჩელსის ასტრონომიული შეთავაზება ნიკო უილიამსს
თარიღი 02 ივლ 2024, 20:27
AS-ის ინფორმაციით, ჩელსიმ ნიკო უილიამსს წარმოუდგენელი შეთავაზება გაუკეთა - ლონდონური კლუბი მზადაა, ესპანელს ხელფასი გაუსამმაგოს და წლიურად €15 მილიონი გადაუხადოს.

თუ 21 წლის ფეხბურთელი "ლურჯების" პირობებს დათანხმდება, ჩელსი მის გამოსასყიდ თანხას, €58 მილიონს გადაიხდის. ინგლისელთა წინადადება ბარსელონას შეთავაზებას ბევრად აღემატება - კატალონიურ გრანდს ნიკოს გამოსასყიდი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა სურს. ამასთან, ბარსა უილიამსს იმ ანაზღაურებასაც არ სთავაზობს, რამდენსაც ის ბილბაოში გამოიმუშავებს.

ჟოან ლაპორტამ ბილბაოს ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვაც კი შესთავაზა, რომ ნიკოს ღირებულება შეემცირებინა. ბარსელონას ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც ჩელსისთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინაც ასეთი სიტუაცია იყო, მაგრამ მაშინ ბარსამ ლონდონელებს ჟიულ კუნდესთვისა და რაფინიასთვის ბრძოლაში მათ მოუგო.

უილიამსი ლამინ იამალის ახლო მეგობარია. ეს უკანასკნელი ხშირად ამბობს, რომ მისი "ბლაუგრანაში" ხილვა სურს.

საბოლოო გადაწყვეტილება ნიკოს ხელშია - მას შეუძლია, მარკ გიუს მსგავსად, ფული და ჩელსის პროექტი აირჩიოს, ბილბაოში დარჩეს ან დიდებისთვის ბარსელონაში გადავიდეს.