ავტორიზაცია

დღეს ლა ლიგაში გადამწყვეტი დღეა - ატლეტიკო თუ რეალი, ვინ გამეფდება ესპანეთში?

დღეს ლა ლიგაში გადამწყვეტი დღეა - ატლეტიკო თუ რეალი, ვინ გამეფდება ესპანეთში?
თარიღი 22 May 2021, 10:50

*ნეპტუნი თუ სიბელესი, ბლანკო თუ როხიბლანკო - საკითხავი სწორედ ეს არის.

დღეს, 22 მაისს, ლა ლიგაში გადამწყვეტი დღეა - ჩემპიონობისთვის ორი მადრიდული გუნდი იბრძვის და სწორედ დღეს გავიგებთ, თუ რომელი გაჩემპიონდება.

„რეალი“ – „ვილიარეალი“ - 20:00
„ვალიადოლიდი“ – „ატლეტიკო“ - 20:00

ერთი შეხედვით, თითქოს მადრიდის „რეალს“ გაცილებით რთული საქმე აქვს შესასრულებელი - აუცილებლად უნდა დაამარცხოს ევროპა ლიგის ამჟამინდელი ფინალისტი, „ვილიარეალი“. თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის.

„ვილიარეალს“ რომ ცალი თვალი ევროპის ლიგის ფინალზე აქვს, რომელიც 4 დღეში გაიმართება, ამის შესახებ უნაი ემერიმაც აღიარა და თქვა, რომ ნახევარი გონებით „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ ფინალში იქნებიან. ამიტომ, „რეალს“ საკუთარ კედლებში გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. მითუმეტეს, რომ ვალენსიურ გუნდს სატურნირო არანაირი მოტივაცია არ გააჩნია.

სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა „ვალიადოლიდის“ შემთხვევაში - გუნდს, რომლის პრეზიდენტიც ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდოა, გამარჯვება სასიცოცხლოდ ესაჭიროება იმისთვის, რომ ლა ლიგაში დარჩეს. ამიტომ, სატურნირო მოტივაციის გადმოსახედიდან, სიმეონეს გუნდს გაცილებით რთული მეტოქე ჰყავს.

თუმცა, არგენტინელი სპეციალისტისთვის საქმე გაცილებით მარტივი შესასრულებელია, იმ მხრივ, რომ არავისკენ ყურება არ მოუწევს - გამარჯვება გუნდს ლა ლიგაში 2013/14-წლების შემდეგ პირველად გააჩემპიონებს. „რეალს“ კი, „ვილიარეალის“ დამარცხების შემთხვევაშიც, „ატლეტიკოსკენ“ მოუწევს ყურება და ნებისმიერი ფეხის დაცდენის იმედად ყოფნა.

ფეხის დაცდენასთან ახლოს „ატლეტიკო“ წინა ტურშიც იყო, როდესაც „ოსასუნასთან“ 0:1-ს აგებდა, მაგრამ ბოლო 15 წუთში ორი გოლი გაიტანა და 2:1 გამარჯვებაც მოიპოვა.

იმ შემთხვევაში, „ატლეტიკო“ ფრეს ითამაშებს და „რეალი“ მოიგებს, გუნდებს თანაბარი ქულები დაუგროვდებათ, თუმცა ჩემპიონი ზიდანის გუნდი ურთიერთშეხვედრების გამო გახდება.

ამ სეზონში გუნდებს შორის გამართული ორი მატჩი ასე დასრულდა: „რეალი“ 2-0 „ატლეტიკო“, „ატლეტიკო“ 1-1 „რეალი“. შესაბამისად, „როხიბლანკოს“ დღეს ფრეც მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩემპიონებს, თუ პარალელურ მატჩში „რეალი“ „ვილიარეალს“ ვერ მოუგებს.

*ნეპტუნი და სიბელესი არის ადგილები მადრიდში, სადაც „ატლეტიკო" და „რეალი" ტიტულების აღსანიშნავად მიეშურებიან.