ავტორიზაცია

დვალიშვილი: "საქართველო მიყვარხარ და ბოლომდე დავიხარჯები"

დვალიშვილი: "საქართველო მიყვარხარ და ბოლომდე დავიხარჯები"
თარიღი 12 Sep 2024, 15:27
UFC 306-ის წინ, სადაც მერაბ დვალიშვილი სატიტულო ორთაბრძოლაში შონ ო'მალის დაუპირისპირდება, ქართველმა მებრძოლმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, დილის 6 საათიდან დაიწყება.

"ტიტულზე ბრძოლა ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა და მოუთმენლად ველოდები მას შემდეგ, რაც დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა ორთაბრძოლა. როდესაც ორი თვის წინ ზარი მივიღე, სადაც მითხრეს, რომ ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და თან მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი."

"შონ ო'მალი პირველად კონტენდერების შეჯიბრზე ვნახე, სადაც UFC-ის კონტრაქტი მიიღო და ძალიან მომეწონა მისი სტილი. ჩემი კარიერა UFC-ში არც თუ ისე კარგად დაიწყო და დღესაც ვფიქრობ, რომ საწყისი ორი ბრძოლა საეჭვო გადაწყვეტილებებით წავაგე. როდესაც პირველი ოფიციალური გამარჯვება მოვიპოვე, მაშინვე გამოვიწვიე შონი, რომელსაც 1-0 ჰქონდა რეკორდი — ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ მარტივი მეტოქე არ არის და ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნებოდა."

"სტილისტურად თუ შევხედავთ, მე უპირატესობა მაქვს როგორც ჭიდაობაში, ასევე კარდიოში და თითქოს, მარტივი ოპონენტი ჩანს, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ რა შეუძლია მას ოქტაგონზე. შეიძლება დომინანტი იყო მის წინააღმდეგ, მაგრამ ერთი დარტყმით ყველაფერი შეცვალოს და გამარჯვება მოიპოვოს. ზოგადად, UFC-ში მარტივი ბრძოლა არ არსებობს და აქ ყველა ძლიერი მებრძოლია, თან ბევრჯერ გვინახავს უშუალოდ ორთაბრძოლის დროს დიდი ქამბექები. იმისთვის, რომ ო'მალი დავამარცხო, ხუთივე რაუნდი ჭკვიანურად უნდა წავიყვანო და ერთ წამითაც არ მოვადუნო ყურადღება."

"UFC-ის არასდროს გავუკონტროლებივარ რა დავპოსტო ან რა ვთქვა სოციალურ მედიაში და ამისთვის მადლობელი ვარ. მე არ მყავს მრჩეველი სოციალური მედიის კუთხით, მხოლოდ მეგობარი მეხმარება ვიდეოების გადაღებაში და შემდებ მე ვიღებ გადაწყვეტილებას რა დავდო. დენა უაითის რეაქციებით ვხვდები ხოლმე, რომ სისულელე ავტვირთე, მაგრამ რაც ვარ ეს არის. როდესაც ყინულით თავი გავიტეხე, მაშინვე დავდე ვიდეო სოციალურ ქსელში და ვიტყვი, რომ არაფერი მაქვს დასამალი."

"შონ ო'მალიმ რამდენჯერმე არასწორი განცხადებები გააკეთა ჩემს მისამართით. განსაკუთრებით არ მომეწონა როდესაც ჩემს ქვეყანაზე ილაპარაკა ცუდად, რადგან საქართველო ჩემთვის რელიგიაზე მეტია და აქ იმიტომ ვიბრძვი, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო. როდესაც შენს ოჯახს ან ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებენ, ნამდვილ კაცებს რეაქცია აქვთ და უნდათ, რომ საკადრისი პასუხი გასცენ — სწორედ ამიტომ მომინდა მაშინვე მისი სახის დამტვრევა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ორთაბრძოლა ქამარზე იქნება და მინდა, რომ ოქტაგონზე ყველაფრისთვის ვაგებინო პასუხი. სხვა მხრივ მასთან პირადი პრობლემები არ მაქვს და მხოლოდ პროფესიონალურად ვუდგები ბრძოლას."

"როდესაც საქართველოში ჩავდივარ, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა — აეროპორტში გულშემატკივრები მხვდებიან და მათგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ. ჩემს ქვეყანაში მთელ ღამეს ათენებენ იმისთვის, რომ ჩემი ორთაბრძოლები ნახონ და ვერც კი წარმოვიდგენ როგორი ბედნიერი იქნება საქართველო თუ ილიას შემდეგ მეც შევძლებ ქამრის მოგებას. რამდენჯერმე ისე ჩავედი საქართველოში, რომ არავინ იცოდა, რადგან ოჯახთან ერთად მინდოდა დროის გატარება და ახლა, როდესაც ქამარს მოვიგებ, რა თქმა უნდა ჩავალ ჩემს ქვეყანაში და ერთად აღვნიშნავთ ჩემპიონობას. დარწმუნებული ვარ, რომ საოცარი სანახაობა იქნება და ამას თქვენც ნახავთ ვიდეოებში. ასევე მინდა, რომ მოგებული ქამრით სხვა ქვეყნებსაც ვესტუმრო, მათ შორის მექსიკას და ყველას დავანახო, რომ დიდი შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება ცხოვრებაში."

"რა თქმა უნდა ზუსტად შონ ო'მალის სტილი და აღნაგობის მებრძოლის პოვნა შეუძლებელია, რომელთანაც ვივარჯიშებდი, მაგრამ მყავდა რამდენიმე პარტნიორი დარბაზში, რომლებიც ძლიერები არიან. პირადად მე ორთაბრძოლების წინ ყოველთვის ჩემს თავზე ვმუშაობ და დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ოპონენტის ფიზიკურ აღნაგობას. ახლაც კარგად ვივარჯიშე, მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები როდის შევალ მასთან ერთად ოქტაგონზე."

"ჩემი იდეა იყო, რომ სახალისო ვიდეოები გადაგვეღო და სოციალურ ქსელში დაგვედო. რა თქმა უნდა, მეგობრები მეხმარებიან. ჩვენ ადამიანიც კი ვიპოვეთ, რომელიც ო'მალის ძალიან ჰგავს და ხშირად ვდებ მასთან ერთად ვიდეოებს. ძალიან მინდოდა შონის წინააღმდეგ ორთაბრძოლა და ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის, მათ შორის სოციალურ ქსელებსაც ვიყენებდი აქტიურად. ჩემი საყვარელი ვიდეო? ალბათ მეხანძრის როლში რომ ვარ."

"მართალია ო'მალის მექსიკური წარმომავლობის ოჯახი ჰყავს, თუმცა, მე წარმოვადგენ მექსიკას — იქ ხშირად ჩავდივარ, სამწვრთნელო შეკრებებს გავდივარ და არაერთი მეგობარიც მყავს. ვფიქრობ, რომ მე უფრო ვარ მექსიკელი ვიდრე ის და მინდა, რომ ამჯერად ჩემპიონის ქამრით ჩავიდე. ჩავიცვამ თუ არა პრესკონფერენციაზე ო'მალის ჟაკეტს? არა, ის უკვე წარსულია და თან ძალიან სახალისო. ახლა ყველაფერს უფრო პროფესიულად უნდა მივუდგეთ და ამჯერად დაიტოვოს თავისი ჟაკეტი, მე კი მის ქამარს წამოვიღებ."

"პირველ რიგში ახლა მხოლოდ შონ ო'მალიზე ვფიქრობ და არა შემდეგ ორთაბრძოლებზე. როდესაც ქამარს მოვიგებ, ნებისმიერი მეტოქესთან ვიბრძოლებ, რასაც UFC შემირჩევს. იქნება თუ არა შემდეგი მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი? თუ ასე გადაწყვეტ UFC, მე რა თქმა უნდა პრობლემა არ მექნება. მე უკვე დავამარცხე 3 ჩემპიონი და შონი მეოთხე იქნება. შემდეგ თუ ფიგიერედოსაც მოვუგებ, ის უკვე მეხუთე გამოვა და არ მგონია, რომ UFC-ის ისტორიაში ვინმეს ჰყავდეს 5 ჩემპიონი დამარცხებული — სწორედ ეს არის ჩემი მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ ფიგიერედოსთან მსურს ბრძოლა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე არასდროს ვირჩევ ოპონენტებს და რასაც UFC გადაწყვეტს, დავეთანხმები."

"აქამდე მოსასვლელად საკმაოდ რთული გზა გამოვიარე და განსაკუთრებით 2019-2020 წლამდე მქონდა ძალიან მძიმე პერიოდი. სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი და მხოლოდ შემდეგ ვახერხებდი ვარჯიშს. იყო მომენტები, როდესაც ჩემს თავს ვეკითხებოდი ხომ არ დავნებებულიყავი და დამევიწყებინა ჩემი ოცნებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზეში და თოვლში მშენებლობებზე მიწევდა ყოფნა. ვფიქრობდი ოჯახი შემექმნა, მხოლოდ სამსახურზე გამეგრძელებინა ფიქრი და ასე ჩამოვშორებოდი ჩემს მიზნებს. 2020 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, რადგან UFC-ში მქონდა ბრძოლები, ფულსაც კარგად მიხდიდნენ და უკვე შემეძლო სამსახურიდან წამოსვლა. საემიგრაციო სამსახურთანაც აღარ მაქვს პრობლემები, მალე მოქალაქეობასაც მივიღებ და ო'მალის მწვრთნელის ცემისთვის, ვერავინ დამადეპორტებს. მადლობელი ვარ UFC-ის რადგან ახლა საკუთარი სახლიც მაქვს და შემიძლია ოჯახის წევრებს დავეხმარო. ჩემი ისტორია ინსპირაციის წყარო უნდა გახდეს სხვებისთვისაც და დაიჯერონ, რომ ყველაფერი გამოუვათ."


"საქართველო, მიყვარხარ! ყველაფერს გავაკეთებ, როგორც ჩვენ შეგვეფერება და ისე დავიხარჯები ბოლომდე"