ავტორიზაცია

"ეს ჩემი მწვრთნელობის პერიოდში საუკეთესო ტაიმი იყო" | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის შემდეგ

"ეს ჩემი მწვრთნელობის პერიოდში საუკეთესო ტაიმი იყო" | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის შემდეგ
თარიღი 17 Nov 2024, 00:24
ერთა ლიგის B დივიზიონის მე-5 ტურში, საქართველოსა და უკრაინას შორის აჭარაბეთ არენაზე გამართული მატჩი 1-1 დასრულდა. 

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

"თამაში გეგმის მიხედვით დავიწყეთ, თუმცა, მატჩის სტარტზე გაშვებული გოლის შემდეგ, გადაწყობა დაგვჭირდა და პირველი ტაიმის კარგად ვერ ჩავატარეთ. მეორე ნახევარში კი ყველაფერი შეიცვალა და ნაკრებმა ჩემი მწვრთნელობის პერიოდში ერთ-ერთ საუკეთესო ტაიმი ითამაშა. თავისი ქვეყნისთვის ყველამ ბოლომდე იბრძოლა და ვფიქრობ, რომ უფრო მეტს ვიმსახურებდით, განსაკუთრებით მეორე 45 წუთში.

ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა თამაშზე დადებითი გავლენა მოახდინეს და ეს იმაზე მეტყველებს, რომ გუნდში საბრძოლო განწყობაა.

გოლის გაშვებას მენტალურად ვერ შევეგუეთ და რეაგირებისთვის დრო დაგვჭირდა. რაღაცებს ჯერ კიდევ ვისწავლოთ და მსგავსი პრობლემების გამოსწორება მნიშვნელოვანია. მენტალური სიძლიერის გამომუშავება დროსა და ბევრ მუშაობას მოითხოვს.

მეორე ტაიმში დავინახე, რომ შესვენებაზე ჩემმა საუბარმა შედეგი გამოიღო და გუნდმა უმაღლესი ხარისხი აჩვენა. მეტოქის დაცვის ხაზის გასაწელად, ჩაკვეტაძის ნაცვლად დავითაშვილი შემოვიყვანე და ვფიქრობ, რომ მან ჩემი დავალება კარგად შეასრულა - ეს ტაქტიკური ცვლილება იყო, რაც არ ნიშნავს, რომ ერთი ფეხბურთელი მეორეს რამით აღემატება. დღევანდელ შეხვედრაში ყველა მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯა და ძალიან ბევრი ირბინა.

მოედანზე მხოლოდ 11 მოთამაშე გადის და დღეს არჩევანი კვერკველიაზე შევაჩერე. გოგლიჩიძის ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, აღნიშნული პოზიცია მას დაეკავებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მოცემულობა გვქონდა. ერთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს მოსამზადებელი ეტაპია, სადაც ბევრი ფეხბურთელი დაგვჭირდება და, შესაბამისად, როტაცია მოსალოდნელია.

წლების წინ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D და C დივიზიონებში ასპარეზობდა, დღეს კი A დივიზიონის საგზურისთვის იბრძვის - ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ვიზრდებით და ვვითარდებით. რა თქმა უნდა, ამბიცია საჭიროა და მომავალ თამაშში აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ.

იმაზე საუბარი, A დივიზიონში სათამაშოდ მზად ვართ თუ არა, ამ ეტაპზე უადგილოა.

ჯგუფის მოგებაზე მეტად განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ვფიქრობ. ბევრი მიმართულებით უნდა მოვუმატოთ. რაც მთავარია, სწორ გზაზე ვდგავართ."

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჩეხეთს ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში, A დივიზიონის საგზურს გაინაღდებს - მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება.