"ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ფეხბურთელს რამეს დავპირდი" | როგორ დაარწმუნა იოახიმ ლიოვმა მუსიალა გერმანიის არჩევაში?

გერმანიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იოახიმ ლიოვი იხსენებს, თუ როგორ დაარწმუნა ჯამალ მუსიალა, რომ "მანშაფტში" თამაში აერჩია.
"ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელს რამეს დავპირდი: მიუხედავად იმისა, რომ ის ბაიერნში სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრი არ იყო, ვუთხარი, რომ თუ ჩვენ აგვირჩევდა, ევრო 2021-ზე აუცილებლად წავიყვანდი," - განაცხადა გერმანელმა.
მუსიალა გერმანიაში (შტუტგარტში) დაიბადა. მისი მამა ნიგერიელ-ბრიტანელია, დედა კი პოლონური წარმოშობის გერმანელი. ჯამალი 7 წლის ასაკში საცხოვრებლად ინგლისში გადაბარგდა, სადაც საუთჰემპტონისა და ჩელსის აკადემიებში ირიცხებოდა, 2019 წელს კი ბაიერნმა შეიძინა.
მუსიალა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობდა, მაგრამ როცა საქმე ეროვნულ გუნდზე მიდგა, არჩევანი გერმანიაზე შეაჩერა.