ავტორიზაცია

ევრო 2020, დღე 3: პირველი ნამდვილი ტოპ-მატჩი და საინტერესო სათამაშო დღის მოლოდინი

ევრო 2020, დღე 3: პირველი ნამდვილი ტოპ-მატჩი და საინტერესო სათამაშო დღის მოლოდინი
თარიღი 13 ივნ 2021, 11:32

ევროპის ჩემპიონატი უფრო და უფრო იქოქება და გუშინდელი ერიქსენზე ნერვიულობის შემდეგ, დღეს მორიგი მატჩების ახალ პორციას მივიღებთ და დამშვიდების საშუალებაც გვექნება.

ინგლისი - ხორვატია 
კვირა, 13 ივნისი, 17:00. სტადიონი „უემბლი“, ლონდონი (ინგლისი). მთავარი არბიტრი - დანიელე ორსატო (იტალია)

ინგლისის ნაკრები ამ ტურნირს დიდი მოლოდინით ხვდება, რადგან როგორც იქნა, გუნდის შემადგენლობა დიდებული და დაბალანსებულია, თამაშიც აწყობილია და რატომაც არ უნდა სცადონ საუთგეიტის შეგირდებმა, მრავალწლიანი მშრალი სერიის შეწყვეტა და ტიტულის მოგება? თუმცა, საინტერესოა, რამდენად ეყოფათ ამ ახალგაზრდებს გამოცდილება.

ინგლისი ჯგუფის აშკარა ფავორიტია და პირველივე მატჩში, გუნდი თავის მთავარ კონკურენტს, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, საუთგეიტს ამ მატჩში ჰარი მაგუაირი გამოაკლდება, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმას ახლა იდგენს.

რაც შეეხება ფორვატიას, გუნდის ბოლოდროინდელი შედეგები კითხვის ნიშნებს იწვევს, მაგრამ დალიჩს განკარგულებაში გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც, როგორც წინა მუნდიალმა აჩვენა, შორს გასვლაც შეუძლიათ. თანაც, გუნდს პრობლემები არ აქვს და ყველა მწყობრშია.

გუნდები ერთმანეთს არც ისე დიდი ხნის წინ, ერთა ლიგაში დაუპირისპირდნენ. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ინგლისი გამოვიდა საერთო ანგარიშით 2:1. პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, მეორეში კი ინგლისელებმა მატჩის ბედის შემოტრიალება და 0:1-დან მოგება მოახერხეს. 

სავარაუდო შემადგენლობები:

ინგლისი: პიკფორდი - ტრიპიერი, სტოუნსი, მინგსი, შოუ - რაისი, ფილიპსი - რაშფორდი, მაუნტი, სტერლინგი - კეინი

ხორვატია: ლივაკოვიჩი - ვრსალკო, ვიდა, ჩალეტა - ცარი, ბარშიჩი - კოვაჩიჩი, ბროზოვიჩი - რებიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი - პეტკოვიჩი.

ავსტრია - ჩრდილოეთ მაკედონია, 20:00

ამ მატჩზე ბევრს არ ვილაპარაკებთ. ყველაზე გულდასაწყვეტი და სამწუხარო ის არის, რომ ეს იმ ჯგუფის მატჩია, რომელშიც წესით საქართველოს ნაკრები, ისტორიაში პირველად უნდა მოხვედრილიყო. თუმცა, გადამწყვეტი მატჩი მაკედონიასთან წავაგეთ და სწორედ ეს გუნდი, თავის ისტორიაში პირველად თამაშობს მსხვილ ტურნირს.

პანდევისა და კომპანიის მეტოქე დღეს ავსტრიის ნაკრები იქნება, რომლისთვისაც ეს მესამე ევროპის ჩემპიონატია ისტორიაში. 

ნიდერლანდები - უკრაინა,

23:00 „იოჰან კროიფ არენა“, ამსტერდამი, მთავარი არბიტრი - ფელიქს ბრიხი (გერმანია).

ანდრეი შევჩენკოს ძლიერი კოლექტივი დღეს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ნიდერლანდების ნაკრებს, მისსავე კედლებში დაუპირისპირდება. დიდი ალბათობით, ლეგენდარული ექს-ფეხბურთელი სილამაზეს შეწირავს და დღეს შედარებით პრაგმატული ფეხბურთის ხარჯზე შეეცდება ფონს გასვლას, რაც გასაკვირი სულაც არ არის.

1988 წლის ევროპის ჩემპიონი ამ ტურნირს უბრუნდება, მას შემდეგ, რაც 2016-ში მისი გამოტოვება მოუწია. გუნდი დიდებულ ფორმაშია, ზედიზედ შვიდ მატჩში აქვს 2+ გოლი გატანილი, რაც მათთვის ყველა დროის საუკეთესო შედეგია. 

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, უკრაინამ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ 2012 წელს გააღწია და მას შემდეგ, ამ ტურნირზე სტაბილურად ასპარეზობს. შევჩენკოს გუნდი ერთადერთია C ჯგუფში, რომელმაც შესარჩევში თავისი ჯგუფი მოიგო და თანაც არა ვინმესთან, არამედ ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიის ნაკრებთან!

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰოლანდია: სტეკელენბურგი - ტიმბერი, ბლინდი, დე ვრეი - დიუმფრისი, დე იონგი, ვეინალდუმი, დე როონი, ვეინდალი - ვერგჰორსტი, დეპაი

უკრაინა: ბუშანი - კარავაევი, კრივცოვი, მატვიენკო, მიკოლენკო - სტეპანენკო, ზინჩენკო, მალინოვსკი - იარმოლენკო, ზუბკოვი, იარემჩუკი.