ავტორიზაცია

ევრო 2020, დღე მეათე: ჯგუფური ეტაპის დასასრულის დასაწყისი

ევრო 2020, დღე მეათე: ჯგუფური ეტაპის დასასრულის დასაწყისი
თარიღი 20 Jun 2021, 02:39

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასასრული იწყება. სხვა სიტყვებით, დღეს, 20 ივნისს, მესამე ტური აიღებს სტარტს და ტრადიციულად, საქმეში A ჯგუფის მონაწილეებს ვიხილავთ.

მესამე ტური პირველი ორისგან ცოტა განსხვავებული იქნება. იმ თვალსაზრისით, რომ 17:00 საათზე მატჩები აღარ გაიმართება და ერთი ჯგუფის გუნდები შეხვედრებს ერთდროულად ჩაატარებენ. 

შესაბამისად, დღეს, მატჩები მხოლოდ 20:00 საათზე გაიმართება და თანაც - ერთდროულად.

იტალია - უელსი 20:00

რობერტო მანჩინის გუნდი რეკორდს რეკორდზე ამხობს - გარდა იმისა, რომ „სკუადრა აძურა“ უკვე 29 მატჩია წაუგებელია, გუნდს 10 შეხვედრაა გოლიც კი არ გაუშვია და ამ ტურნირზეც, მაყურებლები ისე მოხიბლა, რომ ჩუმი იტალიელები ჩუმი ფავორიტიდან პირდაპირი და ნათელი ფავორიტის სტატუსამდეც კი აიყვანეს.

გამომდინარე იქიდან, რომ იტალიამ ორივე მატჩი 3:0 მოიგო, მას მერვედფინალური საგზური უკვე განაღდებული აქვს და რაღაც თვალსაზრისით, სანერვიულო აღარ ექნება. თუმცა, მხოლოდ „რაღაც“ თვალსაზრისით, იმიტომ რომ მის დღევანდელ მეტოქეს 4 ქულა აქვს და დამარცხების შემთხვევაში, მანჩინის გუნდი პლეი-ოფში მეორე ადგილით გავა, რაც ასეთი თამაშის ფონზე მათ გეგმებში ალბათ ნაკლებად შედის. 

ერთი შეხედვით, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ორ გუნდს სრულიად აკმაყოფილებს ფრე - მშვიდი ყაიმი ურთიერთშეხვედრაში და პარალელურად უკვე სრულიად უმნიშვნელო იქნება, რას იზამენ შვეიცარია და უკვე პრაქტიკულად უმოტივაციო თურქეთი. შვეიცარიელებს 1 ქულა აქვთ და ჯგუფიდან თუნდაც მესამე ადგილით გასვლის გასანაღდებლად გამარჯვება სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ.

იმედი ვიქონიოთ, რომ იტალიელები თავიანთ ფეერიას გააგრძელებენ და უბრალოდ ფრისთვის არ გავლენ მოედანზე. ჯერჯერობით, „აძურა“ ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და სანახაობრივი გუნდია ევროპის პირველობაზე და დიდი იმედი გვაქვს, ასე იქნება ჯგუფის ბოლო შეხვედრაშიც.

რაც შეეხება უელსს, გუნდმა პირველ ტურში შვეიცარიასთან ფრე, 1:1 ითამაშა, მეორე მატჩში კი თურქეთს 2:0 დამაჯერებლად მოუგო და 4 ქულით საკმაოდ დამაჯერებლად იკავებს მეორე ადგილს.

ბრიტანელებისგან ევროპის ჩემპიონატზე კარგი გამოსვლა ახალი არ არის - არავის დაგვვიწყებია, რომ წინა ტურნირზე ისინი ნახევარფინალში იყვნენ და მხოლოდ მომავალ ჩემპიონთან, პორტუგალიასთან დამარცხდნენ.

იტალია ამ მატჩს მცირე პრობლემით ხვდება - შვეიცარიასთან შეხვედრის პირველ ტაიმში შესაცვლელი გახდა ჯორჯო კიელინი. მისი ტრავმა მძიმე სავარაუდოდ არ უნდა იყოს, მაგრამ არც იმას უნდა ველოდოთ, რომ მანჩინი გარისკავს და ფეხბურთელს ტრავმის ფასად გაიყვანს მოედანზე - დიდი ალბათობით, კიელინის საქმეში უკვე პლეი-ოფში ვიხილავთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

იტალია: დონარუმა - დი ლორენცო, ბონუჩი, ბასტონი, სპინაცოლა - ჟორჟინიო, ვერატი, ლოკატელი - კიეზა, ბერარდი, ბელოტი

უელსი: უორდი - რობერტსი, როდონი, მეფემი, დევისი - ამპადუ, ალენი - რემსი, ჯეიმსი, ბეილი - მური.

შვეიცარია - თურქეთი 20:00

როგორც უკვე ზემოთ გითხარით, ამ მატჩში შედეგის განურჩევლად, ყველაფერი მაინც იტალია - უელსის მატჩში გადაწყდება. თუმცა, „აძურამ“ უელსს რომც მოუგოს, ბურთების შეფარდება ამჟამად ბრიტანელებს 3:1-ზე აქვთ და შვეიცარიას 1:4-ზე. ამიტომ, დავუშვათ რომ უელსი იტალიასთან დამარცხდა, შვეიცარიამ კი უკვე პრაქტიკულად უმოტივაციო თურქეთს მოუგო - გუნდები თანაბარი (4-4) ქულებით იქნებიან, ყველაფერს კი ბურთების სხვაობა გადაწყვეტს.

ამრიგად, აქედან გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ შვეიცარიას მხოლოდ გამარჯვება კი არა, გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვებაც კი სჭირდება იმისთვის, რომ მეორე ადგილით გასვლის თეორიული შანსი მაინც დაიტოვოს.

თურქეთს ამ ტურნირის პოტენციურ სენსაციად განიხილავდნენ, თუმცა მათ გაცემული ავანსები თუ ფარული იმედები ვერ გაამართლეს და წაგების გარდა, ვერც საკუთარი თამაშით მოახერხეს მაყურებელთა გულის მოგება.

სავარაუდო შემადგენლობები:

შვეიცარია: სომერი, შარი, აკანჯი, მბაბუ, ფროილერი, ჰაკა, როდრიგესი, შაქირი, ემბოლო, გავრანოვიჩი.

თურქეთი: შაქირი, ჯელიკი, დემირალი, სოიუნჯუ, მულდური, აიჰანი, ტუფანი, ჩალჰანოღლუ, უნდერი, იაზიჯი, ილმარი.