ავტორიზაცია

ევრო 2020, დღე მეხუთე - სიკვდილის ჯგუფი, ვარსკვლავთცვენა, მთავარი ფავორიტი, მოქმედი ჩემპიონი

ევრო 2020, დღე მეხუთე - სიკვდილის ჯგუფი, ვარსკვლავთცვენა, მთავარი ფავორიტი, მოქმედი ჩემპიონი
თარიღი 15 ივნ 2021, 09:55

დღეს, ევროპის ჩემპიონატის დღის გეგმაშია არა სამი, არამედ ორი შეხვედრა. F ჯგუფის მატჩებით დაიხურება ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური. წინ გველის საფეხბურთო დღესასწაული: საფრანგეთი-გერმანია და პორტუგალია-უნგრეთი. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო.

უნგრეთი-პორტუგალია, 20:00

პორტუგალიის შესახებ შეიძლება ბევრი რამის თქმა - ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ტრიუმფატორი, ერთა ლიგის გამარჯვებული და უბრალოდ გუნდი, რომლის კაპიტანი და ლიდერი კრიშტიანუ რონალდუა. "წითელ-მწვანეებს" შესარჩევზე კონკურენციას უკრაინა, სერბეთი, ლუქსემბურგი და ლიეტუვა უწევდნენ.

უნგრეთის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის გზა კი სავსე იყო თავგადასავლებით. დავიწყოთ იქიდან, რომ აღნიშნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 ქულით გავიდა მე-4 ადგილზე, რის შედეგადაც "მადიარების" ევრო 2020-ზე მოხვედრა უშუალოდ ერთა ლიგიდან განხორციელდა.

კარპატელებმა ჯერ დაამარხეს ბულგარეთი, შემდეგ კი ისლანდია. ობიექტურად, ფავორიტები დღეს არიან პირენეელები, თუმცა სიურპრიზები ხომ არავის გაუუქმებია. "ევროპელი ბრაზილიელის" სასარგებლოდ კი შეიძლება იმის დამატებაც, რომ ისინი არიან არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ მთელი ტურნირის ფავორიტებიც.

 

ურთიერთშეხვედრები

პორტუგალიისა და უნგრეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია მოიცავს 13 შეხვედრას. ცხრა მოგება იზეიმეს "წითელ-მწვანეებმა", ოთხი მატჩი კი ფრედ დასრულდა. როგორც ვხედავთ, "მადიარებს" პირენეელები არასდროს დაუმარცხებიათ. გამოსარჩევია ევრო 2016-ზე გამართული სუპერმატჩი, რომელშიც 3:3 დაფიქსირდა.

შემადგენლობები

პორტუგალია - პატრისიუ, პეპე, დიაში, კანსელო, მენდეში, კარვალიო, ნევეში, ბერნარდო, ბრუნო, ჟოტა, რონალდუ

უნგრეთი - გულაში, კეშკესი, ორბანი, სალაი, ნაგი, შაფერი, კლაინჰაისლერი, ბოლა, ფიოლა, ვარგა, სალაი

საფრანგეთი-გერმანია, 23:00

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის და პრინციპში მთელი ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული დაპირისპირება. მსოფლიო ჩემპიონი ხვდება ნაკრებს, რომლისგანაც აღნიშნული სტატუსი გადაიბარა. არსებობს მოსაზრება, რომ საფრანგეთი მუნდიალის ოქროს ევრო 2020-ის თასსაც მიაყოლებს.

"მამლები" ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ მარტივად გაუსწორდნენ თურქეთს, ისლანდიას, ალბანეთს, ანდორასა და მოლდოვას. შედეგად, შესაძლო 30-დან 25 ქულა, ბურთების შეფარდებით 25:6. ცალკე გამოსარჩევია კარიმ ბენზემას 6-წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნება.

ზოგადად კი "ლურჯების" გარშემო არის ბევრი მითქმა-მოთქმა - რამდენად მართებულია მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს ნაცვლად დაყენება? ლონდონის "ჩელსის" ფორვარდი იყო ჩემპიონ "სამფეროვნების" მნიშვნელოვანი ფიგურა, ახლა კი ის არის უბრალოდ მოთამაშე, რომელსაც კილიან მბაპესთან კონფლიქტი მოუვიდა.

სწორედ ეს ინფორმაცია იყო დიდიე დეშამის გუნდის გარშემო უკანასკნელ პერიოდში. ფრანგები თითქოს, შერიგდნენ, თუმცა "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი დარჩა მაინც უკმაყოფილო, ვნახოთ, რა იქნება მოედანზე. ფაქტია, "მამლების" შემადგენლობა მინიმუმ სახელების მხრივ ძალიან ეფექტურია.

გერმანელები არ არიან ისეთი ოდიოზურები, როგორც "ლურჯები" და პრინციპში მათ ეს არც მოუხდებოდათ. ისინი ევროპის ჩემპიონატზე ჩამოვიდნენ ჩუმი, ცივსისხლიანი და დაუნდობელი მკვლელების როლში, ეს არის "ბუნდესნაკრების" პრინციპი. ვნახოთ, ვინ შეეწირება გერმანულ მანქანას ამჯერად.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი იოაჰიმ ლიოვისთვის არის უკანასკნელი ტურნირი ალემანთა მთავარი მწვრთნელის რანგში. გათამაშების დასრულების შემდეგ, გერმანელ დამრიგებელს შეცვლის თანამემამულე ჰანსი ფლიკი. შეგახსენებთ, ის "მანშაფტს" 2006 წლიდან წვრთნის.

ურთიერთშეხვედრები

გერმანელებისა და "სამფეროვნების" ურთიერთშეხვედრების ისტორია მოიცავს 31 მატჩს - 14 თამაშში იმარჯვეს ფრანგებმა, 10-ში "ბუნდესნაკრებმა", შვიდჯერ კი ფრე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ანტუან გრიზმანმა ალემანთა კარში თავისი კარიერის მანძილზე უკვე 4 ბურთის გატანა მოახერხა.

შემადგენლობები

საფრანგეთი - ლორისი, ვარანი, კიმპემბე, პავარი, ერნანდესი, ტოლისო, კანტე, პოგბა, გრიზმანი, მბაპე, ბენზემა

გერმანია - ნოიერი, ჰუმელსი, რუდიგერი, გინტერი, გოსენსი, კიმიხი, გუნდოგანი, კროოსი, მიულერი, ჰავერცი, გნაბრი