ავტორიზაცია

ევრო 2020-ს იტალია-თურქეთი გახსნის - ჩრდილში მყოფი გრანდი და მისი ძალიან პერსპექტიული მეტოქე

ევრო 2020-ს იტალია-თურქეთი გახსნის - ჩრდილში მყოფი გრანდი და მისი ძალიან პერსპექტიული მეტოქე
თარიღი 11 ივნ 2021, 10:26

დღეს, 11 ივნისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ევროპის ჩემპიონატი იტალიისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო უშუალოდ მატჩის დაწყების წინ. აქვე დავამატებთ, რომ ეს თამაში შედგება რომში, რაც ნიშნავს იმას, რომ "სკუადრა აძურას" პრაქტიკულად საშინაო შეხვედრა ელის.

გზა ევრომდე

"ლურჯებმა" ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე მიაღწიეს საოცარ შედეგს - 10/10 გამარჯვება, ფინეთთან, საბერძნეთთან, ბოსნიასთან, სომხეთსა და ლიხტენშტეინთან. ამის გარდა, აპენინელებმა გაიტანეს 37 გოლი და გაუშვეს მხოლოდ 4. მართლაც შთამბეჭდავია!

"წითლები" თავის მხრივ ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ მეორე ადგილით და მათზე უკეთესო ჯგუფში მხოლოდ უძლიერესი საფრანგეთი გამოდგა. რობერტო მანჩინის გუნდის მეტოქემ აჯობა ისლანდიას, ალბანეთს, ანდორასა და მოლდოვას. 23 ქულა, შვიდი მოგება, ორი ფრე და ერთი წაგება, ბურთები - 18:3.

დანაკლისი/თანაგუნდელების დუელი

იტალიის საბოლოო განაცხადს მიღმა დარჩნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ალესიო რომანიოლი, ნიკოლო ძანიოლო, მოიზე კინი სტეფანო სენსი, ლორენცო პელეგრინი და სანდრო ტონალი. ოსმალებს ამ მხრივ აქვთ ყველაფერი წესრიგში, შეგვიძლია მხოლოდ ჯანერ ერკინის გახსენება.

ისევე როგორც ყოველთვის, "სკუადრა აძურაში" ჭარბობენ ფეხბურთელები სერია ა-დან, შენოლ გიუნეშის გუნდში კი ასეთი არის ოთხი მოთამაშე - ჰაკან ჩალჰანოღლუ, მერიჰ დემირალი, კან აიჰანი და მერთ მიულდური. პირველ ორს 100%-ით ვიხილავთ დღეს და შესაძლოა არც "სასუოლოს" მცველები დარჩნენ უყურადღებოდ.

საინტერესო იქნება ჯანლუიჯი დონარუმა ჩალჰანოღლუს პირისპირ, აგრეთვე ფედერიკო კიეზა, რომელსაც აჩერებს ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის მიერ გამოზრდილი დემირალი. მოკლედ, "ლურჯებისა" და თურქების მატჩში მაყურებელი ბევრ საინტერესოს იხილავს.

მთავარი ვარსკვლავები

აპენინელებს არ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერი - გამოცდილება კიელინი-ბონუჩის დუეტის მხარეს არის, მთავარი ბომბარდირის როლს ირგებს ჩირო იმობილე, ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე კი ნიკოლო ბარელაა (65 მილიონი). თუ მაინც გვიწევს ერთი ფეხბურთელის დასახელება, ასეთი იყოს მარკო ვერატი, მაგრამ ის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

"წითლების" შემადგენლობაში კი პირველ რიგში გამოსარჩევია "მილანის" შემტევი ნახევარმცველი, ზემოთხსენებული ჩალჰანოღლუ. მის გარდა კი ისევ და ისევ დემირალი, საჩემპიონო ტრიო "ლილიდან" (ბურაკ ილმაზი, იუსუფ იაზიჯი, ზეკი ჩელიკი). ოსმალების ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე არის "ლესტერის" ცენტრალური მცველი, სალარ სეიუნჯუ (45 მილიონი).

სავარაუდო შემადგენლობა

იტალია - დონარუმა, კიელინი, ბონუჩი, ფლორენცი, სპინაცოლა, ჟორჟინიო, ლოკატელი, ბარელა, კიეზა, ინსინიე, იმობილე

თურქეთი - ჩაკირი, დემირალი, ქაბაქი, სეიუნჯუ, ჩელიკი, ქოქჩუ, თუფანი, ჩალჰანოღლუ, უნდერი, იაზიჯი, ილმაზი

ურთიერთშეხვედრების ისტორია

"სკუადრა აძურა" და "წითლები" ერთმანეთს შეხვდნენ 10-ჯერ და აღსანიშნავია ის, რომ ოსმალებს ერთხელაც არ მოუგიათ - შვიდი მოგება არის აპენინელების მხარეს, სამი მატჩი კი ფრედ დასრულდა. "ლურჯებისა" და თურქების დაპირისპირებების ქრონოლოგია ასეთია:

02/12/1962 - ევრო 64-ის შესარჩევი - იტალია-თურქეთი 6:0

27/03/1963 - ევრო 64-ის შესარჩევი - თურქეთი-იტალია 0:1

13/01/1973 - 74-წლის მუნდიალის შესარჩევი - იტალია-თურქეთი 0:0

25/02/1973 - 74-წლის მუნდიალის შესარჩევი - თურქეთი-იტალია 0:1

23/09/1978 - ამხანაგური მატჩი - იტალია-თურქეთი 1:0

03/03/1984 - ამხანაგური მატჩი - თურქეთი-იტალია 1:2

21/12/1994 - ამხანაგური მატჩი - იტალია-თურქეთი 3:1

11/06/2000 - ევრო 2000-ის ჯგუფური ეტაპი - იტალია-თურქეთი 2:1

20/11/2002 - ამხანაგური მატჩი - იტალია-თურქეთი 1:1

15/11/2006 - ამხანაგური მატჩი - იტალია-თურქეთი 1:1