ავტორიზაცია

ევრო 2024 | დღევანდელი სათამაშო დღის პრევიუ

ევრო 2024 | დღევანდელი სათამაშო დღის პრევიუ
თარიღი 16 ივნ 2024, 07:21
დღეს, 17:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატზე დღევანდელი დღის პირველი შეხვედრა გაიმართება - ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“, D ჯგუფის მატჩში ერთმანეთს პოლონეთი და ნიდერლანდები დაუპირისპირდებიან.

რა უნდა იცოდეთ მატჩის წინ?

პოლონეთი ევროზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს, მაგრამ ნიდერლანდები მათთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან „ნარინჯისფრების“ წინააღმდეგ ბოლო 12 მატჩში ერთხელაც ვერ მოიგეს. „არწივებმა“ ისინი ბოლოს 1979 წელს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხეს (2-0) - პოლონელთა ლეგენდარული ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი (რომელიც დღევანდელ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს) აღნიშნული მატჩიდან 9 წლის შემდეგ დაიბადა.

ნიდერლანდელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი იმ ფორმაციის გუნდის წევრი იყო, რომელმაც გერმანიაში ჩატარებული ბოლო ევრო მოიგო - 1988 წელს „მფრინავმა ჰოლანდიელებმა“ ფინალში საბჭოთა კავშირს 2-0 მოუგეს - ახლანდელი შემადგენლობიდან მაშინ არავინ იყო დაბადებული. „ნარინჯისფრებს“ საკადრო პრობლემები აქვთ: ტრავმების გამო ტოინ კოოპმაინერსი და ფრენკი დე იონგი განაცხადიდან ამოვარდნენ, მაგრამ გუნდს ვირჯილ ვან დაიკისა და მემფის დეპაის სახით ლიდერები ჰყავს.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები

პოლონეთი: შესნი; ბედნარეკი, დავიდოვიჩი, კივიორი; ფრანკოვსკი, სლიში, პიოტროვსკი, მოდერი, ზალევსკი; ჟელინსკი; ბუკსა

ნიდერლანდები: ვერბრიუგენი; დუმფრისი, დე ვრაი, ვან დაიკი, აკე; რეინდერსი, სხოუტენი, ვეერმანი; სიმონსი, დეპაი, გაკპო

ექსპერტთა პროგნოზები

პიოტრ კოჟმინსკი (პოლონელი რეპორტიორი)

როგორ ითამაშებს პოლონეთი ყველაზე მეტი მატჩის (150) ჩამტარებლიsa და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის (82) გარეშე? რობერტ ლევანდოვსკი კუნთის დაზიანების გამო ნიდერლანდების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. მიხალ პრობეჟს მისი შეცვლის 3 კანდიდატი ჰყავს: კაროლ სვიდერსკი, ადამ ბუკსა და კშიშტოფ პიონტეკი. მოულოდნელი ვარიანტი, შესაძლოა, კაცპერ ურბანსკი იყოს, სასტარტოდან ან სათადარიგოთა სკამიდან. იმედები? პოლონეთი ამბიციურია. ბუკსამ ნაკრებზე ისაუბრა და თქვა: „რატომ არ უნდა ვიფიქროთ 1 ან 2 მატჩის მოგებაზე? საბერძნეთის 2004 წლის ჩემპიონობა მიუთითებს, რომ დაბალი რეიტინგის მქონე გუნდებს დიდი გზის გავლა შეუძლიათ.“

დერეკ ბროოკმანი (ნიდერლანდელი რეპორტიორი)

ნიდერლანდების სავარაუდო შემადგენლობა საინტერესო და მრავალფეროვანია - მეკარე მხოლოდ 7 მატჩით; ძალიან გამოცდილი და ძლიერი დაცვით; ნიჭიერი ნახევარდაცვით, რომლის წევრებსაც ევროზე დებიუტი ექნებათ; და ფორვარდით, რომელიც ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობას უმიზნებს და რომელმაც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. თუ რონალდ კუმანი ამ ნაზავს სწორ ტაქტიკას უპოვის, „ნარინჯისფრები“ შეუჩერებელნი იქნებიან.

მწვრთნელთა კომენტარები

მიხალ პრობეჟი (პოლონეთის მწვრთნელი): „ვიცით, ნიდერლანდები როგორი ძლიერია. მათ პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია. რობერტ ლევანდოვსკის რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს და ის ავსტრიასთან მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენი ტაქტიკა? თუ მოედანზე მხოლოდ გადარჩენისთვის გავალთ, არაფერი გამოგვივა. გეგმა გვაქვს და ვიმედოვნებ, იმუშავებს. ფეხბურთელები მოვამზადეთ და მეტოქე შევისწავლეთ.“

რონალდ კუმანი (ნიდერლანდების მწვრთნელი): „ჯგუფში ყველა მოწინააღმდეგე ძლიერია. ალბათ, არა საფრანგეთის დონის, მაგრამ პოლონეთიც ორგანიზებული, ძლიერი და დაცვაში სოლიდურია. ისინი ფიზიკურად მომზადებულნი არიან და ყოველთვის ნიჭიერი ნახევარმცველები ჰყავთ. ასე რომ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ პირველი მატჩი უკვე მოგებულია. ამისთვის მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ.“


დღის მეორე მატჩი 20:00 საათზე, C ჯგუფში, “შტუტგარტ არენაზე” გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს სლოვენია და დანია დაუპირისპირდებიან.

სლოვენია ევროზე მეორედ თამაშობს. მათ ტურნირზე მონაწილეობა პირველად 2000 წელს მიიღეს და ერთი მატჩიც ვერ მოიგეს (2 ფრე, 1 წაგება), მიუხედავად იმისა, რომ ზლატკო ზაჰოვიჩმა გუნდის 4 გოლიდან, 3 თავად გაიტანა. მატიაჟ კეკის ნაკრებს კარგი მიზეზი აქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ფრთხილად იყოს: სლოვენიას დანიასთან 6 მატჩში 0 მოგება აქვს - ისინი ერთმანეთს მიმდინარე ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეხვდნენ, სადაც ერთი მატჩი ფრედ (1-1) დასრულდა, მეორე კი "წითელ-თეთრებმა“ მოიგეს (2-1). თუმცა, სლოვენიას ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, როგორებიც ატლეტიკოს მეკარე იან ობლაკი და ლაიფციგის ტალანტი ბენჯამინ შეშკო არიან, რის გამოც ის ხელწამოსაკრავი მეტოქე არ იქნება.

დანიის ნაკრებისთვის ევრო 2020 სასიამოვნოდ არ დაიწყო - კრისტიან ერიქსენმა ფინეთთან გულის შეტევა მიიღო და თან გუნდმა ის მატჩი წააგო (0-1). თუმცა, მოგვიანებით, კასპერ ჰიულმანდის შეგირდებმა ძალა მოიკრიბეს, ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და ნახევარფინალამდე მივიდნენ, სადაც, ლონდონში, ინგლისთან წააგეს. ევრო 1992-ის ჩემპიონები იმედოვნებენ, რომ ერიქსენი და მანჩესტერ იუნაიტედში მისი თანაგუნდელი რასმუს ჰოილუნდი დანიას წარმატებების მიღწევაში დაეხმარებიან.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები

სლოვენია: ობლაკი; კარნიჩნიკი, ბრეკალო, ბიჟოლი, იანჟა; სტოიანოვიჩი, ელშნიკი, გნეზდა ჩერინი, მლაკარი; შპორარი, შეშკო

დანია: შმეიხელი; ანდერსონი, კრისტენსენი, ვესტერგორი, კრისტიანსენი, ჰიულმანდი, ერიქსენი, ჰოიბიერგი, ბა; ჰოილუნდი, ვინდი

ექსპერტთა პროგნოზები

გრეგა სევერი (სლოვენიელი რეპორტიორი)

სლოვენია კაპიტანი იან ობლაკის გამოცდილებასა და ბენჯამინ შეშკოს ტალანტს დაეყრდნობა. ყველაზე მთავარი რაცაა - ისინი გუნდის მენტალიტეტს დაეყრდნობიან და შეეცდებიან, C ჯგუფის მნიშვნელოვან მატჩში დანია არ გაახარონ. მატიაჟ კეკის შეგირდებს 90 წუთის განმავლობაში მთელ მოედანზე დისციპლინირებული თამაში და შანსების მაქსიმალურად გამოყენება მართებთ, რათა ევროპის ყოფილი ჩემპიონის წინააღმდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვონ.

სტურე სანდო (დანიელი რეპორტიორი)

დანია ტურნირის დაწყებით აღფრთოვანებულია. მათ იციან, კარგი სტარტი რამდენს ნიშნავს, რადგან ეს ჯგუფში ბევრ რამეს გადაწყვეტს. ჰიულმანდის გუნდი სლოვენიასთან აშკარა ფავორიტია, შემდეგ კი ინგლისთან და სერბეთთან მატჩები ელის. ეს გადამწყვეტი შეხვედრაა. ვფიქრობ, რომ დანია ბურთს დაიჭერს და დომინირებას შეეცდება, მაგრამ ისინი შეშკოსა და ანდრაჟ შპორარის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან სლოვენია შეტევაში ამ ფეხბურთელებით ხიფათს აუცილებლად შექმნის.

მწვრთნელთა კომენტარები

მატიაჟ კეკი (სლოვენიის მწვრთნელი): “სლოვენიისნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც ფეხბურთელთა სელექციისას დიდი არჩევანი არ აქვს, მნიშვნელოვანია, ძლიერი და სტაბილური თერთმეტეული ჩამოაყალიბოს. წარმატება შემთხვევითობა არ არის და ევრო 2024-ზე გასვლა ამაზე მეტყველებს. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ჯგუფის ფავორიტებად არ მიგვიჩნევენ, პირიქით, აუტსაიდერებად გვხედავენ."

კასპერ ჰიულმანდი (დანიის მწვრთნელი): „ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საკუთარ თავთან მართლები ვართ, რომ ჩვენი ფილოსოფიის შესაბამის ფეხბურთს ვთამაშობთ. აგრესიულები და დომინანტები უნდა ვიყოთ. სლოვენიის უნარები უნდა შევისწავლოთ. ისინი კონტრშეტევებზე ძლიერები არიან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ევროპული ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი შეშკო ჰყავთ. გარდა ამისა, მათ კარს ობლაკი იცავს და სათავეში კარგი მწვრთნელი უდგათ, რომელიც გუნდში დიდი ხანია მუშაობს."


23:00 საათზე, გელზენკირხენში, „ფელტინს-არენაზე“ დღის მესამე მატჩი გაიმართება და საქმეში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი - ინგლისი ჩაერთვება, რომელიც სერბეთს დაუპირისპირდება.

„სამი ლომის“ მეტოქეს ალექსანდერ მიტროვიჩი ჰყავს, რომელსაც პრემიერ ლიგაში, ნიუკასლისა და ფულების რიგებში არაერთი გოლი გაჰქონდა, და ასევე დუშან ტადიჩი, რომელმაც რამდენიმე წელი საუთჰემპტონში დაჰყო. თუმცა, სერბეთი ინგლისისთვის უცნობი მეტოქეა, რადგან ისინი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან მას შემდეგ, რაც სერბეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. ბრიტანელთა თავკაცი გარეთ საუთგეიტი საჰაერო დუელებსა და სტანდარტულებს უნდა უფრთხოდეს, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბთა მიერ გატანილი 15 გოლიდან, მესამედი თავური დარტყმით გავიდა, რაც ევროზე მონაწილე გუნდებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინგლისი ევრო 2020-ის ფინალისტია - მათ ფინალში იტალიასთან პენალტების სერიაში წააგეს. თუ თერთმეტმეტრიანების სერიებს არ ჩავთვლით, ბრიტანელებმა ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგეს (10 მოგება, 7 ფრე). იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს ბაიერნის თავდამსხმელი ჰარი კეინი (2023/24 წლების ოქროს ბუცის მფლობელი), რეალ მადრიდის ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი (ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე) და მანჩესტერ სიტის ტალანტი ფილ ფოდენი (პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი) ჰყავთ, მოლოდინები ძალიან დიდია. თუ ახლა არა, როდის?

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები

სერბეთი: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი; მილენკოვიჩი, ველიკოვიჩი, პავლოვიჩი; ჟივკოვიჩი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკიჩი, კოსტიჩი; ტადიჩი; მიტროვიჩი, ვლაჰოვიჩი

ინგლისი: პიკფორდი; უოკერი, სტოუნსი, გეი, ტრიპიერი; ალექსანდრ-არნოლდი, რაისი; საკა, ბელინგემი, ფოდენი; კეინი

ექსპერტთა პროგნოზები

ალექსანდრა სტოიკოვიჩი (სერბი რეპორტიორი)

ეჭვგარეშეა, რომ ფურცელზე ინგლისი ფავორიტია, თუმცა, ტაქტიკური კუთხით, ისინი სერბეთისთვის უფრო კომფორტული მეტოქეები იქნებიან, ვიდრე C ჯგუფის სხვა გუნდები. ინგლისი და სერბეთი შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ გახსნილ მატჩსა და რამდენიმე გოლს ვიხილავთ. სერბეთი, ულაპარაკოდ, ტურნირის მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს ეთამაშება, მაგრამ იცის, რომ 24-წლიანი ლოდინის შემდეგ მისი პირველი მატჩის ბედს მხოლოდ ეს ვერ გადაწყვეტს. “არწივების” დამოკიდებულება? მოდი, ვცადოთ: ვინ იცის, რა მოხდება.

ჯო ტერი (ინგლისელი რეპორტიორი)

ინგლისმა საუთგეიტის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამივე ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო. ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, დღეს ეს სტატისტიკა ოთხამდე უნდა გაიზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ფიზიკურ მომზადებასა და დაცვის გამოუცდელობაზე ეჭვებია. თუ “სამი ლომი” მიტროვიჩის, ვლაჰოვიჩისა და ტადიჩისგან მომავალ პოტენციურ საფრთხეს გაანეიტრალებს, თავად ინგლისელ შემტევებს მეტი შანსი ექნებათ, რომ გუნდს მოაგებინონ.

მწვრთნელთა კომენტარები

დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთის მწვრთნელი): “ევროზე გასვლას დიდხანს ველოდით. წარსულში ბევრი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ამჯერად ის მიზანი, რომელიც სერბეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დავისახე, მიღწეულია. წარმატებისკენ მიმავალი გზა მარტივი არასდროსაა, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის, ერისთვის და ფანებისთვის - ყველასთვის, ვისაც ეს სპორტი უყვარს - ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირება უდიდესი ნაბიჯია.”

გარეთ საუთგეიტი
(ინგლისის მწვრთნელი): “აღფრთოვანებული ვარ იმ გამოწვევით, რომ ვცდილობ, ის გავაკეთო, რისთვისაც ინგლისის ნაკრებს ჯერ არ მიუღწევია - ევროპის ჩემპიონები არასდროს გავმხდარვართ, ქვეყნის გარეთ ტიტული არასდროს მოგვიგია, საზღვარგარეთ ფინალშიც კი ვყოფილვართ.

სერბეთს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ფანტასტიკური კოლექტიური მენტალიტეტი გამოარჩევს. ვიცით, რომ ეს რთული მატჩი იქნება და მოსაგებად საუკეთესო თამაშის ჩვენება მოგვიწევს. ჩვენი ყველა მოთამაშე ხელმისაწვდომია, ყველამ ივარჯიშა - უბრალოდ, ვფიქრობთ, ლუკ შოს სასტარტოდან დავაწყებინოთ თუ სათადარიგოთა სკამიდან.”