ავტორიზაცია

ევრო 2024 | საქართველომ თურქეთთან 1-3 წააგო

ევრო 2024 | საქართველომ თურქეთთან 1-3 წააგო
თარიღი 18 Jun 2024, 22:06
ევროპის ჩემპიონატზე, სიგნალ იდუნა პარკზე, საქართველომ სადებიუტო მატჩში თურქეთთან 1-3 წააგო.

შეხვედრა თურქებმა აქტიურად დაიწყეს. 25-ე წუთზე, მეტოქის შეტევის შემდეგ, ლაშა დვალმა ბურთი მოიგერია, თუმცა დამატებაზე, მერთ მიულდურმა ერთი შეხებით დაარტყა და გენიალური გოლი გაიტანა. მალევე ქენან ილდიზმაც შეაგდო, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გამოჩნდა, რომ ის თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ საქართველო გამოცოცხლდა და ანგარიშიც გაათანაბრა: 32-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილის შესანიშნავი თამაშისა და პასის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - 1-1!

მეორე ტაიმი სხვაგვარად წარიმართა და თანაბარი თამაში ვიხილეთ, თუმცა ტაბლოზე ლოგიკური შედეგი არ დაფიქსირდა: 65-ე წუთზე არდა გიულერმა შორეული გასროლით საქართველოს ულამაზესი გოლი გაუტანა - 1-2. მალე გიორგი ქოჩორაშვილს ბრწყინვალე ფინტის შემდეგ დიდებული შანსი შეექმნა, მაგრამ მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა. "ჯვაროსნებს" მომენტები კიდევ ჰქონდათ, ბოლო წამებზე თურქების საჯარიმოში გიორგი მამარდაშვილიც ჩავიდა, მაგრამ მეტოქე კონტრშეტევაზე წამოვიდა და ქერემ აქთიურქოღლუმ ცარიელ კარში შეაგორა - 1-3.

მომდევნო ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება, თურქეთი კი - პორტუგალიას. ორივე მატჩი 22 ივნისს გაიმართება.