ფანტასტიკური მწვრთნელი რთული ხასიათით - ტუხელის ინგლისის ნაკრებში დანიშვნის რისკები
ცოტა ხნის წინ ტომას ტუხელის ინგლისის ნაკრებში დანიშვნა გაოფიციალურდა - გერმანელი "სამ ლომს" 2025 წლის იანვრიდან ჩაიბარებს.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა ქომაგებმა ყურადღება მაშინვე ტუხელის ეროვნებაზე გაამახვილეს. ცნობილმა გამოცემა Daily Mail-მა კი საერთოდ დაწერა, რომ ეს ინგლისის ისტორიაში შავი დღეა.
რეალობა ისაა, რომ ტოპ ინგლისელ ფეხბურთელებს მსოფლიო კლასის მწვრთნელი სჭირდებათ, ინგლისში კი მსგავსი კანდიდატი არ მოიძებნება - ამჟამად ტოპ ინგლისელი სპეციალისტი არ არსებობს. ამის გამო, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი გერმანელზე შეაჩერა, რომელიც საკმაოდ გამოცდილია და არაერთი ტიტული მოუგია. ინგლისელთა გადაწყვეტილება იმის ფონზე კიდევ უფრო გასაგებია, რომ სხვა ტოპ მწვრთნელები, რომელთა დანიშვნასაც FA განიხილავდა, კერძოდ, პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი აღნიშნულ სამსახურს არ დათანხმდებოდნენ. შესაბამისად, მათ უკეთესი ვარიანტი არ ჰქონდათ.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ტუხელის დანიშნა გარკვეულ რისკებთანაცაა დაკავშირებული. მაგალითად, გერმანელს გუნდებში კონფლიქტი არაერთხელ ჰქონია. ტომასმა პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა.
ტუხელი დარწმუნებულია, რომ ის პსჟ-ს მესვეურებთან მართალი იყო. მაგრამ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მას ბოსებთან კონფლიქტი მოუვიდა - 2017 წელს, დორტმუნდიდან წასვლის შემდეგ, გერმანული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ტომასი ფანტასტიკური მწვრთნელია, მაგრამ, ამავდროულად, რთული ხასიათი აქვს.
მოსალოდნელი იყო, რომ ტუხელს კონფლიქტი ჩელსის მფლობელებთანაც მოუვიდოდა და ასეც მოხდა. მან ლონდონურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და კონტრაქტიც გაახანგრძლივა, მაგრამ მალევე გუნდიდან გაუშვეს. თუმცა, გერმანელმა თქვა, რომ ინგლისში შესანიშნავი დრო გაატარა და იქაურობა გერმანიაზე მეტად მოსწონს.
უნდა აღინიშნოს, რომ ტუხელს კონფლიქტები, ძირითადად, ტრანსფერების გამო მოსდიოდა, ნაკრებში კი ამის საშიშროება არ არსებობს. მას მხოლოდ ფეხბურთელთა განვითარება დაევალება, რაც ყველასთვის კარგია. თუმცა, საკითხავია, ტომასი ინგლისის ნაკრებზე სწრაფ გავლენას რამდენად მოახდენს, რადგან, კლუბისგან განსხვავებით, ეროვნულ გუნდში მას ყოველდღიური სავარჯიშო სესიები ვერ ექნება.
ტუხელი იმითაა ცნობილი, რომ ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია. აქსელ შუსტერის (რომელიც ტომასთან ერთად მაინცში მუშაობდა) თქმით, ის ფეხბურთელებს მაქსიმუმის გაღებისკენ მოუწოდებს. გერმანელს ფეხბურთი კარგად ესმის და თავის იდეებს თავდაჯერებულად წარმოაჩენს. ერთი რამ ცხადია: ის არ ცდილობს, ისეთ ადამიანად გამოჩნდეს, როგორიც არ არის.
ტომას ძალიან ნიჭიერი სპეციალისტია, რაც 2021 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის დამარცხებით დაამტკიცა, თუმცა, როგორც ვთქვით, რთული ხასიათი აქვს. ამასთან, მისი ინტენსიური სტილი, შესაძლოა, დროთა განმავლობაში მოთამაშეებისთვის გადაჭარბებული იყოს.
ინგლისელთა ლიდერი, ჰარი კეინი ბაიერნში ტუხელის ხელმძღვანელობით შესანიშნავად თამაშობდა, მაგრამ მიუნხენურ კლუბში ბევრი ფეხბურთელი გერმანელის წასვლით ბედნიერი იყო. ბაიერნმა გასული სეზონი აშკარად ჩააგდო და უტიტულოდ დაასრულა. ტუხელთან პრობლემები იოზუა კიმიხსაც ჰქონდა. გავრცელებული ცნობებით, ზოგიერთ ფეხბურთელს ტომასის პრაგმატული ფილოსოფია არ მოსწონდა, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ როგორ ფეხბურთს თამაშობდა მათი კონკურენტი ლევერკუზენი ჩაბი ალონსოს ხელში.
საბოლოოდ, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციასა და გულშემატკივრებს გამარჯვებები სურთ, ტუხელს კი წარმატებების სწრაფად მიღწევის გამოცდილება აქვს.