გოლების წვიმა, მბაპეს დუბლი და სენსაცია ლისაბონში — ჩემპიონთა ლიგა ხურდება

ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველი ტურის კიდევ ოთხი მატჩი დასრულდა, რომლებიც სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა.
ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონში გამართული მატჩი იწვევდა, სადაც გიორგი მიქაუტაძის ვილაირეალი ტოტენჰემს ესტუმრა და დებიუტში მეკარის შეცდომის გამო გაშვებული გოლით 0-1 დამარცხდა. 24 წლის ქართველმა შემტევმა სრულად ითამაშა 6,8 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე მარსელი მიიღო და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 2-1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ანგარიში 22-ე წუთზე ვეამ გახსნა და სტუმრები დააწინაურა, რასაც 7 წუთში მბაპეს ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოჰყვა. 72-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან კარვახალი გააძევა და სამეფო კლუბი 10 კაცით დარჩა. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, 81-ე წუთზე მბაპემ მეორე თერთმეტმეტრიანი გაიტანა და ჩაბი ალონსოს გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.
სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ლისაბონში, სადაც ბენფიკამ ყარაბაღს უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში 2-3 დამარცხდა. მატჩი მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და მე-16 წუთისთვის ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ. აზერბაიჯანულმა კლუბმა სენსაცია შემოგვთავაზა, მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
სათამაშო დღის ყველაზე დრამატული დაპირისპირება კი ტურინში შედგა და გულშემატკივარმა 8 გატანილი გოლი იხილა. იუვენტუსმა საკუთარ კედლებში დორტმუნდი მიიღო და გუნდებმა მატჩი 4-4 დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ გერმანელები 94-ე წუთამდე 4-2 იგებდნენ, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 და მე-6 წუთებზე ვლაჰოვიჩმა და კელიმ გამოიჩინეს თავი და იუვენტუსს 1 ქულა მოუპოვეს.