ავტორიზაცია

"ჰანსი ფლიკმა ჩემი ბარსელონური კარიერა გადაარჩინა" | რაფინია ბელოლი

"ჰანსი ფლიკმა ჩემი ბარსელონური კარიერა გადაარჩინა" | რაფინია ბელოლი
თარიღი 21 Mar 2025, 18:06
ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფინია ბელოლიმ თავისი კარიერის რთული პერიოდი გაიხსენა.

"2024 წლის კოპა ამერიკის შემდეგ, ბარსას დატოვებაზე ვფიქრობდი. თავს მენტალურად კარგად არ ვგრძნობდი, სანამ ჰანსი ფლიკი დამირეკავდა. ჩემს პოტენციურ ტრანსფერზე ყოველდღე იწერებოდა, საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდიოდა - იმაზე ცუდი სეზონი მქონდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო... ვხედავდი ხალხს, რომელიც ჩემს გაშვებას ითხოვდა. გუნდის დატოვებას სერიოზულად განვიხილავდი.

ჰანსიმ დამირეკა და მთხოვა, გადაწყვეტილების მიღებამდე, ვარჯიშზე მივსულიყავი, რადგან ის ჩემზე იმედებს ამყარებდა და საუბარი სურდა. გერმანელის ძალისხმევა ბარსელონაში დარჩენაში გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

ჩემს ცოლს ვესაუბრე და ვუთხარი: "თუ ეს ადამიანი სამართლიანია და სავარჯიშო სესიებზე ჩემს მონდომებას ხედავს, ერთ კვირაში დავანახებ, რომ არ ცდება და არ ინანებს. და, ვფიქრობ, მართალი აღმოვჩნდი," — ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Globo Esporte.

რაფინია ბარსელონაში 2022 წელს გადავიდა და ჩავი ერნანდესის ხელში გუნდში თავის დამკვიდრება გაუჭირდა, მაგრამ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ის ნამდვილ მონსტრად გადაიქცა - ბრაზილიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატიცაა.

მიმდინარე სეზონში, საკლუბო და სანაკრებო დონეზე, რაფინიას ანგარიშზე 47 მატჩი, 31 გოლი და 21 ასისტია.

დღეს, კოლუმბიასთან დაპირისპირებაში, რაფინიამ შეხვედრის სტარტზე გოლი გაიტანა, მატჩის მიწურულს კი ვინისიუსს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ბრაზილიას მოგებაში დაეხმარა.