ავტორიზაცია

ინგლისის ლიგის თასის ფინალი და 29 წლის მწვრთნელის უნიკალური შანსი! დღეს სიტი - ტოტენჰემია

ინგლისის ლიგის თასის ფინალი და 29 წლის მწვრთნელის უნიკალური შანსი! დღეს სიტი - ტოტენჰემია
თარიღი 25 Apr 2021, 12:03

ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.

კვირა, 25 აპრილი - 19:30, „უემბლი“, ლონდონი. მთავარი არბიტრი - პოლ ტირნი

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასიდან ნახევარფინალში გამოვარდა, როცა „ჩელსისთან“ დამარცხდა. ამით, წერტილი დაესვა შესაძლო „ქვადრუპლზე“ საუბარს (ოთხივე ტიტულის მოგებაზე). თუმცა, არავისთვისაა სურპრიზი, რომ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და გარდა ამისა, ჩემპიონობაში ხელსაც დიდი ალბათობით ვეღარაფერი შეუშლის. შესაბამისად, ტრებლზე საუბარი ცოცხალია და საამისოდ, გუნდს დღევანდელ მატჩში გამარჯვების მოპოვება სჭირდებათ. მითუმეტეს, რომ მათი მეტოქე ცოტა არ იყოს მოშლილია - რამდენიმე დღის წინ გუნდიდან დაითხოვეს ჟოზე მოურინიო.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს, ინგლისის ლიგის თასი ბოლო რამდენიმე წელია „სიტის“ საყვარელი ტურნირია. „ქალაქელებმა“ ამ ტურნირის ბოლო 7 გათამაშებიდან 5-ს მოგება მოახერხეს. გამომდინარე „ტოტენჰემის“ ამჟამინდელი მდგომარეობიდან, არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ დღეს, ეს დომინაცია შეიძლება შეწყდეს.

რაც შეეხება „დეზებს“ - ლონდონური გუნდის ხელმძღვანელობამ შუა კვირაში, როცა მსოფლიოში სუპერლიგის ამბები ხმაურობდა, ჟოზე მოურინიო გაუშვა და სეზონის ბოლომდე გუნდის ბედი 29 წლის რაიან მეისონს მიანდო, რომელიც „საუთჰემპტონთან“ მატჩში პრემიერ ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა ისტორიაში.

უნდა აღინიშნოს, რომ რაიანის დებიუტი საკმაოდ წარმატებულიც გამოვიდა. ბოლო მატჩში „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონი“ 0:1-დან 2:1 დაამარცხა. თუმცა, სეზონის წინ გუნდის მფლობელი, დანიელ ლევი, მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას ისახავდა, რაც ამ ეტაპზე არ სრულდება. ამიტომ, „ტოტენჰემის“ წარუმატებელ კამპანიას ახლა ცოტაოდენით მაინც თასი თუ გამოასწორებს - კი, ნაკლებად მნიშვნელოვანი. მაგრამ, არა „დეზებისთვის“, რომლებსაც არანაირი ტიტული 2008 (!) წლის შემდეგ არ მოუგიათ.

ბუკმეიკერების აზრით, დღევანდელი მატჩის უპირობო ფავორიტი არის „მან.სიტი“, რომლის მოგების კოეფიციენტიც ფინალისთვის მოულოდნელად დაბალია - 1.50, რაც შეეხება „ტოტენჰემს“, ამ გუნდის წარმატება 6.50-ით ფასდება, ფრე კი - 4.60.

სავარაუდო შემადგენლობები: 

„სიტი“: სტეფენი - უოკერი, დიაში, ლაპორტი, კანსელუ - როდრი, გუნდოგანი, ბერნარდუ სილვა - ფოდენი, ჟესუსი, სტერლინგი

„ტოტენჰემი“: ლორისი - ორიე, ალდერვეირელდი, დაიერი, რეგილონი - ნდომბელე, ჰოიბერგი, მოურა - კეინი, სონი, ბეილი.

ვერ ითამაშებენ: სტოუნსი - დევისი, როდონი

ეჭვქვეშ არიან: აგუერო, დე ბრუინი - კეინი, დოჰერტი.ა