'ინგლისურ ფეხბურთს ვაზიანებთ' - გარი ნევილი ინგლისის ნაკრებში ტუხელის დანიშვნით უკმაყოფილოა
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ინგლისის ნაკრებს ტომას ტუხელი ჩაიბარებს.
როგორც ჩანს, ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი, გარი ნევილი ამ ფაქტით აღფრთოვანებული არ დარჩა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, საკუთარ თავს ვაზიანებთ. ჩემი აზრით, ნაკრებში ინგლისელი სპეციალისტის დანიშვნა შეიძლებოდა - კანდიდატები ნამდვილად იყო.
ინგლისში სამწვრთნელო კუთხით პრობლემებია და ევროპაში ცუდი რეპუტაცია გვაქვს - საკუთარი იდენტობა არ გაგვაჩნია და არ ჩამოგვყალიბებია სტილი, რომელიც უნიკალური იქნება.
პრემიერ ლიგაში ბევრი უცხოელი მწვრთნელი მოდის, საკუთარ ფილოსოფია მოაქვს და მათ ვაკოპირებთ, მაგრამ, ვფიქრობ, საკუთარი იდენტობა უნდა ჩამოვაყალიბოთ და ინგლისელ მწვრთნელებს განვითარების საშუალება მივცეთ.
ვფიქრობდი, რომ უცხოელი სპეციალისტების დაქირავების დრო წავიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პროცესი გრძელდება," - განაცხადა ნევილმა Sky Sports-თან საუბრისას.
ტუხელი "სამ ლომს" სათავეში 2025 წლის იანვრიდან ჩაუდგება. გერმანელმა ინგლისის ფეხბურთის ფედერაციასთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.