ავტორიზაცია

"ის თავმდაბალი და გამორჩეული ადამიანია" — კახა კალაძის ვრცელი ინტერვიუ

"ის თავმდაბალი და გამორჩეული ადამიანია" — კახა კალაძის ვრცელი ინტერვიუ
თარიღი 11 Feb 2026, 14:51
La Gazzetta dello Sport-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების და მილანის ყოფილ მცველთან, კახა კალაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

სხვაობა დღევანდელ მილანსა და ძველ მილანს შორის.

"ცხადია, დღევანდელი მილანი ჩემს მილანს არ ჰგავს, რადგან სილვიო ბერლუსკონი აღარ არის. და ზოგადად, იტალიური ფეხბურთი, მთლიანობაში, ძალიან შეიცვალა. როდესაც იტალიაში სათამაშოდ ჩავედი, სერია A ევროპაში საუკეთესო ლიგა იყო - მსოფლიო დონის მოთამაშეები მხოლოდ მილანში, ინტერსა და იუვენტუსში არ თამაშობდნენ, არამედ ისინი პარმაში, ფიორენტინაში, ლაციოსა და რომაშიც ირიცხებოდნენ. დღეს ტექნიკურ დონეზე ხარისხი გაცილებით ნაკლებია."

ბოლო ჩემპიონთა ლიგა 2007 წელს ინძაგის დუბლით მოიგეთ, პიპო კი ინდივიდუალური ტექნიკით დიდად არ გამოირჩეოდა.

"პიპო წარმოუდგენელი მაგარი ფორვარდი იყო. ვარჯიშებზე ხშირად ვხუმრობდით, რადგან დრიბლინგი არ შეეძლო, მაგრამ, მას ჰქონდა რაღაც თანდაყოლილი ნიჭი, რაც მას ძლიერ თავდამსხმელად აქცევდა."

ყველაზე ძლიერი მოთამაშე, რომლის აყვანაც მოგიწიათ...

"პირდაპირ ვიტყი, იბრაჰიმოვიჩი. ზლატანს არაჩვეულებრივი ფიზიკური ძალა ჰქონდა და დერბიში, რომელიც 2:1 წავაგეთ, მან ნამდვილად ტოპ პერფორმანსი აჩვენა."

გავლენას ახდენს თუ არა თქვენზე მილანი ჩემპიონთა ლიგაზე რომ არ თამაშობს?

"რა თქმა უნდა. წინა სეზონში, გარკვეულ მომენტში უბრალოდ ვუთხარი ჩემს თავს - "ამ გუნდს რაღაც აკლია“. და ეს რაღაც კი მილანი იყო... ეს არ იყო ნამდვილი მილანი. მაქს ალეგრი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია."

იცოდით, რომ 31 მაისიდან მოყოლებული თქვენ აღარ ხართ ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო?

"რა თქმა უნდა ვიცი. ძალიან გამიხარდა კვარაცხელიას ამბავი, რადგან მას პირადადაც კარგად ვიცნობ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა. მაგრამ იცით რა, მე ამ დრომდე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი ვარ, ვინც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (იცინის)."

დავუბრუნდეთ ისევ მილანს. ალეგრიმ "როსონერი" თამაში თავიდან ბოლომდე შეცვალა და გუნდი კარგად აათამაშა. რას ფიქრობთ, ეს დიდი დაბრუნების დასაწყისია?

"ბევრს ავიწყდება, რომ როდესაც მილანში ჩავედი, საქმეები კარგად არ მიდიოდა. კლუბს გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, რაც სატურნირო ცხრილზეც ასახული იყო, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდში მოსვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. მასიმილიანო ალეგრი შესანიშნავ საქმეს აკეთებს - მან სწორი მენტალიტეტი დააბრუნა და "როსონერი" გუნდურად თამაშს დაუბრუნდა, რაც გამარჯვებისკენ გადადგმული აუცილებელი პირველი ნაბიჯია."

კრიტიკული დაკვირვება: ანჩელოტის გუნდში ბევრი ჩემპიონი ჰყავდა... ჰყავს თუ არა მილანს დღეს ტოპ მოთამაშეები?

"როგორც ვთქვი, საერთო ჯამში ხარისხი დაეცა, ამიტომ შედარება რთულია. თუმცა, ჩვენი წარმატების საიდუმლო მხოლოდ ფეხბურთელების ხარისხში არ იყო - ჩემი მილანი ერთი დიდი ოჯახი იყო, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. ამ ასპექტმა დიდი განსხვავება შექმნა."

დღევანდელ მილანში ვინ მოგწონთ ყველაზე მეტად?

"პულისიკს გოლის გატანის საოცარი ნიჭი აქვს, ხოლო რაც შეეხება მოდრიჩს, მასზე საუბარი ადვილია, რადგან საოცარი მოთამაშეა. და რა თქმა უნდა გამოსარჩევია მენიოც, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა."

რაფაელ ლეაო?

"ვიცი, რომ იტალიაში მას ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ის წარმოუდგენლად ძლიერია, როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურადაც. ვფიქრობ, ის მილანისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელსაც კვლავ სურს გამარჯვება."

დღევანდელ მილანში ახალ კალაძეს ხედავთ?

"პავლოვიჩს გამოვარჩევდი. ის მემარცხენეა და ჩემსავით ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ზოგიერთ ასპექტში მომწიფება სჭირდება, მაგრამ სწორ გზაზეა."

დიდ მცველებზე საუბრისას, რა გავლენა მოახდინა თქვენზე 25 წლის წინ პაოლო მალდინიმ?

"უბრალოდ ვიტყვი, რომ ბავშვობაში მისი პოსტერი საძინებელში მქონდა. როდესაც შევჩენკომ, რომელიც კიევის დინამოში ჩემი გუნდელი იყო, მილანთან გააფორმა კონტრაქტი, პაოლოს შესახებ ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი. მაგრამ, სანამ მას პირადად არ გაიცნობთ, ვერ გაიგებთ თუ როგორი დიდებული პიროვნებაა. როდესაც მილანში ჩავედი და მას შევხვდი, მივხვდი, რატომ იყო ასეთი დიდი - ის თავმდაბალი და გამორჩეული ადამიანია. მან ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა."