იტალიამ ავსტრიას დამატებით დროში მოუგო და ევრო 2020-ის 1/4 ფინალში გავიდა! [VIDEO]
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის ეგიდით, იტალიის ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდა.
აღნიშნული დაპირისპირება ლონდონში, სტადიონ "უემბლიზე" გაიმართა და "სკუადრა აძურას" გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს დამატებით დროში აჯობა - 2:1.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა იტალიელთა უპირატესობით დაიწყო და პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა, თუმცა უშედეგოდ.
მეორე ნახევარი შედარებით დაძაბული გამოდგა და ავსტრიელებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, 65-ე წუთზე მარკო არნაუტოვიჩმა გოლიც კი გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა - ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.
დამატებითი დროის დებიუტშივე, 95-ე წუთზე, "სკუადრა აძურა" დაწინაურდა - ავსტრიის კარი ფედერიკო კიეზამ აიღო. ზუსტად 10 წუთში თავი მატეო პესინამაც გამოიჩინა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
მიუხედავად ამისა, 114-ე წუთზე ვითარება დაიძაბა - საშა კალაიჯიჩმა ბრწყინვალე თავურით ჯიჯი დონარუმას გაუტანა.
საბოლოო ჯამში, მეტი აღარაფერი შეცვლილა და რობერტო მანჩინის შეგირდები 1/4 ფინალში გავიდნენ, სადაც ბელგია - პორტუგალიის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
ვიდეომიმოხილვა