კარიერაში მეორე პენტა-თრიქი — პირველად როდის გაიტანა მესიმ ერთ მატჩში 5 გოლი?

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ესტონეთთან (5:0) გამართულ ამხანაგურ მატჩში ხუთი გოლის გატანა მოახერხა.
მე-8 წუთზე "პსჟ"-ს ფორვარდმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად, პირველი ტაიმის ბოლოს კი დუბლი გაიფორმა. მეორე ნახევარში მან 47-ე, 71-ე, 76-ე წუთებზე გაიტანა და პენტა-თრიქი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ მესიმ ნაკრების მაისურით კარიერაში პირველად გაიტანა ერთ მატჩში 5 გოლი.
საერთო ჯამში, ლეოსთვის ეს მეორე პენტა-თრიქია - პირველი 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ბარსელონასა" და "ლევერკუზენს" (7:1) შორის გამართულ შეხვედრაში შეასრულა.
მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი 86 გოლით "ალბისელესტეს" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.