ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელიას ღია წერილი: საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს?! რა თქმა უნდა!

ხვიჩა კვარაცხელიას ღია წერილი: საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს?! რა თქმა უნდა!
თარიღი 17 ივნ 2024, 15:38
სპორტული მედიაკომპანიამ, The Players' Tribune-მა საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"კარგი, მოდი ასეთი რამე ვცადოთ.

კითხე ნებისმიერ ქართველს, ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს.

ჩვეულებრივ, გამვლელ ქართველს. პატარა ბავშვს, მაღაზიის გამყიდველს… არ აქვს მნიშვნელობა.

კითხე! იცით რა მოხდება?

ჯერ, სანამ გიპასუხებენ … შეგხედავენ. ეს ნეტა გიჟი ხო არააო?

ვინ მოიგებსო??

„საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს. რა თქმა უნდა.“ რა თქმა უნდა.„

მოგაშტერდებიან ასეთი კითხვის დასმისთვის: დებილი ხომ არ ხარ?

„საქართველო თუ არა - ვინ მოიგებს?!?!?!“

„სულელი ხარ. ძალიან სულელი.“

ზოგი ამბობს: „ეს ხომ პირველად გადიხართ ევროპის ჩემპიონატზე.“



არა უშავს! არ აქვს მნიშვნელობა!

„საქართველო მოიგებს!“ ასე გიპასუხებს მოხუცებული ქალბატონი.

ქართველები ასეთები არიან. ყველაფერში.

იცი, რომელია საუკეთესო სამზარეულო?

ესპანური? იტალიური? იაპონური? ჰაჰაჰაჰა.

ქართული!!!!!

საუკეთესო მუსიკა?

ქართული!!!!

მართლა, არ ვიცი რატომაა ასე. ალბათ უფლისგან მოდის. თითქოს ასეთებად ვიბადებით. საქართველოში ყველაფერი საუკეთესოა.

მეც ასე ვამბობ.

ასე რომ, ჩემთვის… რა თქმა უნდა ხინკალი საუკეთესო კერძია და რა თქმა უნდა შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. მე არ გამოვრიცხავ!

ახლა ჩემი აქ ყოფნა გამაოგნებელია. დიდი არ ვარ, ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, მაგრამ ბევრი ღელვა გამოვიარე – ცხოვრებაში, ფეხბურთში. სერიოზული რბოლა, ნამდვილი ამერიკული მთები, თუ რა ქვია იმ ატრაქციონს? Roller coaster. ასეთია ჩემი ცხოვრება.

მოგიყვები.

პატარა რომ ვიყავი, ზაფხულში, როდესაც სკოლა არ იყო, ყოველ დღე გავდიოდით გარეთ ფეხუბურთის სათამაშოდ. ბავშვები ბევრნი ვიყავით. პატარა ტურნირებს ვაწყობდით. ოთხი კორპუსი იყო და ცენტრში გვქონდა “სტადიონი„ ოღონდ ცემენტის. მოგვიანებით, ტორფი გვეღირსა, მაგრამ თავიდან ცემენტზე ვთამაშობდით. სულ ახლეჩილი გვქონდა ხოლმე მუხლები, დასისხლიანებული.

და ყველაზე მაგარი იცი რა იყო? ხალხი ფანჯრებიდან გვიყურებდა, ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ.

ქართველებს უყვართ სპორტი, მაგრამ ფეხბურთი მაინც განსაკუთრებულად. სულ ასე იყო. რა მატჩიც არ უნდა იყოს - მაინც უყურებენ. ამხანაგური იქნება, თუ გარეთ მოთამაშე ბავშვები - არ აქვს მნიშვნელობა, მაყურებელი ყოველთვის გყავს.


ხანდახან ღამე ვთამაშობდით, როცა წესით ბავშვებს სძინავთ. ვიწყებდით ხოლმე ჩხუბს და თამაშზე კამათს და ბავშვებს ვაღვიძებდით. მშობლები გვიბრაზდებოდნენ და ეს იყო ღამის თამაშების დასასრული. ნამეტანს ვხმაურობდით და დაგვასრულებინეს ჩვენი „ჩემპიონთა ლიგა“.

მე ძალიან არ ვყვიროდი, ძირითადად მშვიდად ვიყავი. პირველი არასოდეს ვიწყებდი ჩხუბს. ზოგჯერ ამბობდნენ ეს ბიჭი მორცხვიაო (ეხლაც ასე ამბობენ), მაგრამ არ ვარ მორცხვი, უბრალოდ ყველას პატივს ვცემ.

მაგრამ. მაგრამ!!!

ჩემს მეგობრებს ან ახლობლებს თუ ეხებიან, ვმხეცდები. მენტალიტეტია ასეთი, ხომ გესმის? მე პირველი არასოდეს ვიწყებ ჩხუბს, მაგრამ შემიძლია დავასრულო. განსაკუთრებით, მეგობარი თუ მყავს გასაჭირში და უნდა დავეხმარო.

დედაჩემი ვერ იტანდა ამ ჩემს ჩვევას. სულ მეუბნებოდა „რატომ ჩხუბობ? დაწყნარდი.“

მაგრამ, ჩემს სამშობლოში მეგობარს გასაჭირში არავინ დატოვებს. 

თბილისის დინამოს აკადემიაში სიარულისას მეტი ფეხბურთი და ნაკლები ჩხუბი მქონდა. სწავლება ისეა გამართული, იცი რომ შეგიძლია კარგი ფეხბურთელი გამოხვიდე. შეხედე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს - თითქმის ყველა მოთამაშემ ამ აკადემიაში ისწავლა.

ძნელი იყო. პირველ გუნდში ვიყავი და ჩემზე უფროსი მოთამაშეები ცოტა სხვანაირად მიყურებდნენ, თითქოს ამბობდნენ: „ეს ბიჭიღა გვაკლდა!“

მაშინ პატარა ვიყავი და არავინ მიცნობდა.

„ვინაა საერთოდ ეს ბიჭი?“ 15 წლის ვიქნებოდი… სერიოზულ მოთამაშეებთან მქონდა საქმე და ჩემი მისამართით შემთხვევით გამიგონია ნათქვამი: „ეხლა ეს ბიჭიც თამაშობს და ალბათ წავაგებთ“ ან კიდევ: „არა რა, ოღონდ ეს ბიჭი არა“.

ცოტა მეტირებოდა… ვფიქრობდი, რომ ცუდათ ვთამაშობდი და გული მტკიოდა. ასე რომ ჩემს თავს ვუთხარი: მე ამათ ნაღდათ უნდა ვანახო, რომ შემიძლია კარგად თამაში.

ჩემი მენტალიტეტი მაშინ გამაგრდა. მოტივაცია იყო ჩემთვის და მარგო.

შემდეგ რუსეთში წავედი, მოსკოვში. 17 წლის ვიყავი, თითქმის 18. პატარა ვიყავი და სულ მარტო. ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ, მამაჩემი განსაკუთრებით. გამიძნელდა, დიდი სტრესი იყო ოჯახის დატოვება.


ვარჯიში როცა დავიწყე, ჩემს თავს ვუთხარი: აქ რისთვის ჩამოვედი? ჩემი ოჯახის გვარი მაისურზე მაწერია, ესე იგი ჩემი ოჯახი ჩემთანაა. მათთვის უნდა ვიმუშავო, მხოლოდ ჩემთვის არა. არ მაქვს უფლება გული ავუცრუო, აუცილებლად უნდა იამაყონ ჩემით.

ასე რომ გავმაგრდი.

რუსეთში ქართველი საბა კვირკველიაც იყო და ძალიან დამეხმარა. სხვა მოთამაშეებთან ურთიერთობაში მეხმარებოდა, თავისთან ერთად მატარებდა ხანდახან და მიცავდა. თამაში როდესაც დავიწყე მწვრთნელს ძალიან მოვეწონე. დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ სერიოზული ზრდა მქონდა იმ პერიოდში - ფიზიკური, გონებრივი და პირადი.

ოღონდ მარტოსული ვიყავი. საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი, მეგობრები არ მყავდა. მგონი მხოლოდ მე და დაცვის ბიჭები ვიყავით. დანარჩენი მოთამაშეები სხვაგან ცხოვრობდნენ, მე სულ მარტო ვიყავი, მარტო დავდიოდი. ცოტა დამთრგუნველი ადგილი იყო. მართლა, არ ვხუმრობ! სადღაც უღრან ტყეში, გარეთ გასეირნებაც არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ქუჩის ძაღლები და არა მარტო ძაღლები იყო გარშემო. სულ ბაზაზე ვიყავი, არსად არ გავდიოდი, მოსკოვის ცენტრშიც კი არ წავსულვარ. არსად.

ღამე ბაზაზე შუქი არ იყო. ხანდახან ღამითაც ვვარჯიშობდი, დამატებით მინდოდა მუშაობა, თან უშუქოდ. ასეთ მომენტებში შეშინებული დაცვა მომვარდებოდა ხოლმე, სიბნელეში ვერ მცნობდნენ.

„ეი, ვინ დარბის მანდ????“

მე.

დრიბლინგი სიბნელეში.

დაცვის ბიჭი, კარგი ადამიანი იყო. სულ მეუბნებოდა „მორჩი რა, დაამთავრე.“

მაგრამ სხვა საქმე არ მქონდა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ასე ღამ-ღამობით ვმუშაობდი, ყოველ ღამე.


სულ იმას ვფიქრობდი, რომ არ შემიძლია ცუდათ თამაშის გამო დავბრუნდე საქართველოში. კარგად უნდა ვითამაშო. ბევრი უნდა ვიმუშავო. ჩემი ოჯახი და ქვეყანა მიყურებს.

საქართველოს, ქართველ ხალხს მუდამ გულით ვატარებ. სამშობლოს სიყვარული ასეთია. ყველაფერს ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ, ჩემი გულშემატკივარი ბავშვებისთვის (თუნდაც არ იყვნენ გულშემატკივრები, მაინც ქართველები არიან და მათთვის ვაკეთებ ყველაფერს).

სულ მინდა, რომ ვაამაყო.

2022 წელს უკრაინაში ომი იწყება. ომი დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, კაცთმკვლელობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მგონი მარტივია - მშვიდობა უნდა სუფევდეს. ასე რომ, როდესაც ომი დაიწყო ვიფიქრე „მე აქ ვერ გავჩერდები“, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე.

გადავედი ბათუმის დინამოში, მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაში. იცი, რომელ ქვეყანას ვგულისხმობ!!

სახლში დაბრუნება მაგარი იყო. დავფრინავდი სიხარულისგან. სტადიონები სავსე იყო ხოლმე მაყურებლით. თითქოს ჩემს უბანში დავბრუნდი და ისევ ცემენტზე ვთამაშობ.

ოღონდ დასისხლიანებული მუხლები აღარ მქონდა.


ნაპოლიში გადასვლა ბადრის დამსახურებაა. ბადრი - მამაჩემია.

მარადონა მისი კერპი იყო.

მამაჩემი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. აზერბაიჯანში თამაშობდა. ბავშვობაში სულ მის ვიდეოს ვუყურებდი და ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო მამა.

ვინმე მესიზე ან რონალდოზე თუ ლაპარაკობდა, მე ვპასუხობდი ხოლმე, „არა, არა, არა … მამაჩემი უკეთესია.“

შვიდი ან რვა წლის ბავშვები ვიყავით და ვკამათობდით, საუკეთესო ფეხბურთელებზე. დანარჩენები ამბობდნენ „რონალდინიო არის ყველაზე მაგარი.“


მე კი სულ ვამბობდი, „არა, არა, არა, თქვენ მამაჩემი არ გინახავთ.“

ჰაჰაჰაჰა.

„მამაჩემი უკეთესია, ვიდეოს განახებთ!“

YouTube-ზე თუ მოძებნი, ბევრს არაფერს ამოაგდებს, მაგრამ მე DVD მქონდა. დედა სულ მაყურებინებდა. მამა ძალიან მაგრა ასრულებდა თავისუფალ დარტყმებს. იმდენად შთამბეჭდავი იყო, ჩემს მეგობრებს სულ ვეპატიჟებოდი ჩემთან, რომ ენახათ.

რა თქმა უნდა, როდესაც წამოვიზარდე, მეც მივხვდი, რომ რონალდინიო… ხო, შეიძლება უკეთესიც იყოს.

ოღონდ სულ ცოტათი.

ბავშვობიდან მესმოდა, როგორ აღმერთებდა მამაჩემი მარადონას.

ასე რომ, როდესაც ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ნაპოლი მეპატიჟება, უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ მამა? ვერ იჯერებდა. 

მამა მეუბნებოდა, „ნაპოლისთვის უარის თქმა არ შეგიძლია! მარადონას კლუბს უარს ვერ ეტყვი!“

მოკლედ, ბევრი არ გვიფიქრია. არანაირი დებატი არ ყოფილა ამ თემაზე.

„უნდა წახვიდე.“

ემოციებს ვერ ავღწერ. მე ვამბობდი, „წავედით. ჩქარა. დროზე უნდა ჩავიდე.“



ნეაპოლში როდესაც ჩავედი, პირველი რაც მითხრეს ჩემმა თანაგუნდელებმა იყო: „იმღერე.“

ვახშამზე ტრადიციაა სიმღერა. ყველა ახალი მოთამაშე მღერის. მეც ვიფიქრე, რა პრობლემაა?

კიმ მინ ჯემ დაიწყო და… რა ქვია იმ სიმღერას?

„Gangnam Style.“

მაგარი იყო. მართლა ძალიან მაგარი, ამიტომ ზეწოლა ვიგრძენი.

ჰოდა ავირჩიე სიმღერა.

ადრე, როდესაც რუსეთში ვთამაშობდი ყაზანის რუბინში, ერთმა ახალმა მოთამაშემ იმღერა რაღაც სიმღერა ვახშამზე. კარგი იყო, მართალია სიმღერა არ ვიცოდი, მაგრამ მაშინ ვიფიქრე „შემდეგში სადაც წავალ, ეს სიმღერა უნდა ვიმღერო“. 

სიმღერა ასეთია „ლალა, ლა, ლა, ლა...“

ეს ვიმღერე ნაპოლისთან პირველ დღეს. ჩემმა თანაგუნდელებმა, როდესაც გაიგონეს, მითხრეს: „შენ გონიერი ბიჭი ყოფილხარ. კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდა ნაპოლის ქომაგებზე, ხო?“

მე აზრზე არ ვიყავი.

ვახშმის შემდეგ, მარიო რუი მეუბნება „ეს სიმღერა არის Live is Life. მარადონას სიმღერაა, მან გახადა პოპულარული მოთელვითი ვარჯიშების დროს, მატაობისას.“

გეფიცები, არ ვიცოდი, მაგრამ გულშემატკივრებს მართლა გაუხარდათ ამ სიმღერის გაგონება. იღბალია, მეტი არაფერი.

მახსოვს, ნეაპოლში პირველი დღეები ყველგან მარადონას ვხედავდი. მარადონა, მარადონა, მარადონა. იქ მარადონა - ღვთაებაა. მამაჩემს მოვუყევი და მეუბნება „დროზე ჩამომიყვანე მანდ!“

თავიდან ვარჯიშებზე ტაქსით დავდიოდი, იმიტომ რომ ჩემი მანქანა არ მყავდა. მერე, როდესაც ვნახე როგორ დაყავთ მანქანები, ვიფიქრე „შანსი არაა, მე აქ მანქანას ვერ ვატარებ.“

სასტუმროში მივედი თუ არა, ხედები მეცა თვალში… ღმერთო, ცხოვრებაში ასეთი სილამაზე არ მინახავს, მართლა.

მახსოვს, ქალაქში სასეირნოდ დავდიოდი და 70 წლის მოხუცებიც კი უკვე მიცნობდნენ. ჯერ თამაშიც არ მქონდა დაწყებული და ხალხი უკვე მაჩერებდა და მეუბნებოდა „შენ ხარ კვარაცხელია!“

„დიახ, გახლავართ!“

მე ახალგაზრდა ბიჭი ვარ, ბათუმის დინამოში ვთამაშობდი, ძნელად წარმოსათქმელი სახელი მაქვს, მაგრამ ბებიები, ბაბუები - ყველა მიცნობს. 


მეგობრებს ხშირად ვეუბნები: ქართველები და ნეაპოლიტანელები თითქმის ერთნაირები ვართ. ფეხბურთზე ერთნაირად ვგიჟდებით. ცხოვრებას საერთოდ რაღაცნაირად… გიჟურად ვცხოვრობთ. არ ვიცი ზუსტად როგორ გამოვთქვა, ალბათ ცეცხლი, ენერგიაა ამის საწყისი. საქართველოშიც ასე ვიცით.

ჩემს ქართველ მეგობრებს სულ ვეუბნები „ნეაპოლიტანური პიცა და პასტა უნდა გასინჯოთ.“

სხვას რას ვეუბნები?

„ერთი მატჩი უნდა ნახოთ Stadio Maradona-ზე.“

არასოდეს დამავიწყდება, როგორ მოვხვდი პირველად მარადონას სტადიონზე. შიგნით ულამაზესი იყო, გასახდელებიც კი. თამაშის დაწყებამდე, მე არ მაქვს მოედანზე გასვლის ჩვევა. ზოგი მოთამაშე გადის, ბალახს სცდიან, მუსიკას უსმენენ ხალხთან ერთად. მე არასოდეს გავსულვარ, მაგრამ მარადონას სტადიონზე პირველად ვიფიქრე: იქნებ გავალ მაინც, უნდა ვნახო.

გავდივარ და… თვალწარმტაცია! თან გახურებისას უკვე სავსეა სტადიონი. შეუძლებელია ემოციების აღწერა. ისმის ის სიმღერა „ლა, ლა, ლა“ მოთელვის დაწყებისას, შემდეგ სხვა მარადონას სიმღერა იწყება „ოლე, ოლე, ოლე,“ და მერე გულშემატკივრები მღერიან „დიეგო, დიეგო.“

ასე რომ, ახლა, როდესაც გახურებას ვიწყებ, მეც ყოველთვის ვმღერივარ „დიეგო, დიეგო“-ს.

მამაჩემს უყვარს ძალიან.

გულშემატკივრები კიდე სულ სხვა ამბავია. შარშან, სკუდეტო რომ მოვიგეთ, იუვენტუსის შემდეგ, ვბრუნდებით ნეაპოლის აეროპორტში და ავტობუსში ჩასხდომას ვცდილობთ, მაგრამ გულშემატკივრებმა ისეთი ფერადი ბოლი დააყენეს, რომ ვეღარაფერს ვხედავდით. ავტობუსში სუნთქვაც გვიჭირდა, მძღოლს კონდიციონერი ჩავართმევინეთ, ოდნავ შვება რომ გვქონოდა, მაგრამ ამანაც ვერ გვიშველა. ფაქტიურად ვერ ვსუნთქავდით და გარშემო მხოლოდ ლურჯ-თეთრი ბოლი იდგა.

სამაგიეროდ ხალხი იყო უბედნიერესი. მთელი ქალაქი მეშვიდე ცაზე იყო. ყველა, სულ ყველა…

და მეც.

ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ მარადონას კლუბში თამაშით.

ცოტა ძნელი ბავშვობა მქონდა საქართველოში. აქ დეტალებს მოვერიდები, მაგრამ სულ არ იყო ადვილი, ხომ გესმის? ახლა ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ნაპოლიში თამაშით ჩემს ქვეყანას ვახარებ. ყველა გვიყურებს, ყველა გვადევნებს თვალყურს.

საქართველოში რომ ვბრუნდებოდი და ვხედავდი ბავშვებს მაისურებზე ჩემი გვარი აწერიათ - ვერ ვიჯერებდი. მეგონა ეს კვარაცხელია ალბათ ვინმე სხვაა.

ასეთ რამეზე არც მიოცნებია, იმდენად მიუღწევლად მეჩვენებოდა. დღეს კი, როცა ვხედავ, შთაგონებას მაძლევენ.

ახლა კი ევროპის ჩემპიონატი… შეგვიძლია საქართველო გავაბედნიეროთ.

ქართველებისთვის ეს ყველაფერი სიზმარივითაა.

მართალია, რომ საქართველო საუკეთესოა. ყველაფერში. ოღონდ მგონი გულის სიღრმეში არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. არავინ ამბობდა, მაგრამ ყველა ასე ფიქრობდა.



საბერძნეთის წინააღმდეგ ფინალური პლეიოფი ცოტა მძიმე იყო. ყოველდღე, ყოველ წამს ამ თამაშზე ვფიქრობდი.

ჩემს თავს გამუდმებით ვეუბნებოდი: უნდა მოვიგოთ. უნდა გამომივიდეს, ჩემი მეგობრების გულისთვის. ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩემი ხალხისთვის.

სტრესი. ზეწოლა, რასაკვირველია.

ყველა ბოლომდე დავიხარჯეთ, 100 პროცენტით. პენალტებში განსაკუთრებით. პენალტები ჩემთვის ყოველთვის 50-50-ზეა. არავინ არ იცის, როგორ დასრულდება.

პენალტები როცა დაიწყო და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. საშინლად ვნერვიულობდი, ვერ ვწყნარდებოდი, ნამეტან ზეწოლას ვგრძონბდი. ყველას გავერიდე, არ მინდოდა ვინმეს ვენახე.

მარტო.

ვკანკალებდი. რა თქმა უნდა, საუკეთესო მეკარე გვყავს, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, ღმერთო, მიდით ბიჭებო. ბოლო პენალტი კვეკვესკირის იყო და ვუთხარი, ნიკა შენ უნდა დაასრულო.

გოლი რომ გაიტანა, მიწაზე დავეცი და „ვაიმე გამოგვივიდა“-მეთქი.

ყველა უბედნიერესი იყო.

ჩემმა ცოლმა, თამაშის მერე მნახა და მკითხა მთვრალი ხომ არ ხარო, გასახდელში ლუდი დალიეო? მე ვუპასუხე, რომ უბრალოდ ბედნიერი ვარ!!!!

მგონი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო.

უამრავი ხალხი იყო ყველგან… ყვიროდნენ, ცეკვავდნენ. სასტუმრომდე ვერ მივაღწიეთ ავტობუსით. პოლიციამაც ვერ შეაჩერა ხალხი. შხაპიც არ მიგვიღია, მაისურები გამოვიცვალეთ და ხალხთან გავედით ცერემონიაზე. ყველა მღეროდა და თან ტიროდა. ბედნიერების ცრემლები…

ის დღეები დაუვიწყარია.



საქართველოს ისტორიაში შევედით.

ახლა კი … რა თქმა უნდა გვაქვს შანსი. რატომაც არა?!?!? რატომ უნდა ვთქვათ არა?

თურქეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ და მერე ჩეხეთთან და პორტუგალიასთან. ძნელი იქნება? იქნება. მწარე იქნება? იქნება. ვთხოვ თუ არა კრიშტიანუ რონალდუს მაისურს? შეიძლება. ალბათ ვთხოვ. კაი, ვთხოვ ნამდვილად. რატომაც არა? ჩემი კერპია და ვეტყვი კიდევაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგება არ შეგვიძლია.

ფეხბურთი - ფეხბურთია. არავინ, არასოდეს არ იცის რა და როგორ მოხდება. ხო არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე?!

ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო.

ყველა ამას იძახის.

მაგრამ, მე იცი რას გეტყვი?

მე ასე ვიტყვი...

აბა ჯერ ქართველებს კითხეთ.