კიეზა იუვენტუსთან ერთად აღარ ვარჯიშობს — ფეხბურთელი ახალ კლუბს ეძებს
იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის იუვენტუსის შემტევი, ფედერიკო კიეზა ტიაგოს მოტას გეგმებში არ შედის — ფეხბურთელი ახალი კლუბის ძიებაშია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის იტალიელი ფეხბურთელი უკვე რამდენიმე დღეა ტურინულ კლუბთან ერთად აღარ ვარჯიშობს და შემოთავაზებების მოლოდინშია.
ამ ეტაპზე, კიეზას ტრანსფერზე ყველაზე აქტიურად რომა მუშაობს და პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს. რომაული კლუბის გარდა, კიეზას გარშემო შექმნილ სიტუაციას მილანიც აკვირდება, თუმცა, როსონერის ჯერ გაყიდვები სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა იუვენტუსში 2020 წელს გადავიდა, ბიანკონერის მაისური 131 შეხვედრაში მოირგო და 32 გოლთან ერთად 23 ასისტი გაიფორმა.