ავტორიზაცია

კლასიკო, მაგრამ სხვა! ესპანეთის სუპერთასს დღეს ახალი გამარჯვებული ეყოლება

კლასიკო, მაგრამ სხვა! ესპანეთის სუპერთასს დღეს ახალი გამარჯვებული ეყოლება
თარიღი 17 Jan 2021, 11:05
ესპანეთის სუპერთასის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს კატალონიური და ბასკური გუნდები დაუპირისპირდებიან.

კვირა, 17 იანვარი, 23:45, ესტადიო დე-ლა-კარტუხა, სევილია


ნახევარფინალური სტადიის კენჭისყრა ისე გადანაწილდა, რომ წყვილების გაგების შემდეგ, ყველას თავში ერთმა ფიქრმა გაუელვა: ფინალში ელ კლასიკო უნდა შედგეს! თუმცა, თუ „ბარსელონამ“ ჭრიალით და სირთულეებით „სოსიედადის“ ბარიერი გადალახა, „რეალმა“ „ბილბაოსთან“ მატჩში 0:2-დან გადარჩენა ვერ შეძლო და ჩემპიონის ტიტული პირველივე ნაბიჯში დათმო. ამიტომ, ზედიზედ მეორე სეზონია, მაყურებელი ფინალური კლასიკოს გარეშე რჩება.

არა, კლასიკო მაინც შედგება - საქმე ისაა, რომ ესპანეთში კლასიკოს ეძახიან იმ გუნდების დაპირისპირებას, რომლებიც უმაღლესი დივიზიონიდან არასდროს გავარდნილან. ასეთი კი მხოლოდ სამია: „რეალი“, „ბარსელონა“ და „ბილბაო“. შესაბამისად, ესპანეთის სუპერთასის ფინალში სწორედაც რომ კლასიკო შედგება! მაგრამ, არა ის, რომლის ხილვაც ყველას უნდოდა.

გადამწყვეტი ბრძოლა ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში ეს ორი გუნდი ერთმანეთს თითქმის 10 პოზიციით არის დაშორებული. საქმე ისაა, რომ რამდენიმე მატჩის წინ, ბასკური გუნდი მარსელინო გარსია ტორალმა ჩაიბარა, რომელსაც „ბარსელონა“ რამდენჯერმე ჰყავს დამარცხებული და მათ შორის, კოპა დელ რეის ფინალშიც - „ვალენსიასთან“ ერთად.

საინტერესოა, რომ მარსელინოს დებიუტი ბასკურ გუნდში სწორედ „ბარსას“ წინააღმდეგ შედგა, თუმცა მისი გუნდი 2:3 დამარცხდა.

კლასიკო, მაგრამ სხვა! ესპანეთის სუპერთასს დღეს ახალი გამარჯვებული ეყოლება

ესპანელ სპეციალისტს რევანში სწყურია, მაგრამ რამდენად გაუშვებს რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ პირველი ტიტულის მოგების შანსს? პრობლემებს ჰოლანდიურ სპეციალისტს ის უმატებს, რომ ლიონელ მესის რამდენიმე დღეა არ უვარჯიშია და მისი მონაწილეობა ფინალურ დაპირისპირებაში ეჭვქვეშ დგას. თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი განაცხადშია.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ბარსელონა“: ტერ შტეგენი - არაუხო, მინგესა, ლენგლე, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, დემბელე, გრიზმანი, ბრეიტვეიტი

„ბილბაო“: სიმონი, კაპა, ნუნიესი, მარტინესი, ბალენსიაგა, მუნიაინი, ბენდედორი, გარსია, დე მარკოსი, გარსია, უილიამსი.

ვერ ითამაშებენ: კოუტინიო, პიკე, ფატი, რობერტო - ბერჩიჩე, ლოპესი, ოიერი

კლასიკო, მაგრამ სხვა! ესპანეთის სუპერთასს დღეს ახალი გამარჯვებული ეყოლება

ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა:


205 მატჩი - 103 მოგება „ბარსელონას“, 34 ფრე და 68 მოგება „ბილბაოს“. გატანილი გოლები: 382 – 286).

Goal.ge-ს პროგნოზი: „ბარსელონას“ გამარჯვება, 2:1.