კლუბს თავი მოაბეზრა - ტრანსფერიდან ორ თვეში, ოლიმპიაკოსი მარსელოს მოშორებას ცდილობს
მადრიდის „რეალის" ლეგენდა, ბრაზილიელი მარსელო, ბერძნული „ოლიმპიაკოსის" დატოვებასთან ახლოსაა.
34 წლის ფეხბურთელი „ოლიმპიაკოსში" სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით „რეალში" გატარებული 15 წლის შემდეგ გადავიდა, თუმცა უკვე მოასწრო ბერძნული კლუბის ხელმძღვანელობისთვის თავის მობეზრება.
ბრაზილიელი კითხვის ნიშნებს იწვევს როგორც ფიზიკური ფორმის, ისე მოედანზე ნაჩვენები თამაშის გამო. ამიტომ, ხელმძღვანელობა ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს აქტიურად განიხილავს.
FootMercato-ს ინფორმაციით, ბერძნულ კლუბს მობეზრდა ის, რომ მარსელოს მოედანზე 30 წუთზე მეტის გატარება არ შეუძლია და დროის გასვლასთან ერთად მისი ფორმაც არ უმჯობესდება.
ახალ გუნდში ბრაზილიელმა მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და არცერთი სასტარტოდან არ დაუწყია.
გუნდის მთავარი მწვრთნელი მიჩელი, მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის დროს სეზონის მეორე ნახევრის დაგეგმვას შეუდგა და მარსელო მის გეგმებში არ შედის. შესაბამისად, მას სურს, რომ ის რაც შეიძლება მალე წავიდეს.
„ოლიმპიაკოსიდან" წასვლის შემთხვევაში, ბრაზილიელს ორი ვარიანტი ექნება: ან სათამაშოდ სამშობლოს მიაშუროს, ან საფეხბურთო კარიერა დაასრულოს და „რეალში" საზოგადოებრივ ელჩად დაინიშნოს.