ავტორიზაცია

ლევან შენგელია: "მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად"

ლევან შენგელია: "მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად"
თარიღი 19 მარ 2024, 14:29
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფისთვის მზადება დაიწყო.

18 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია საწვრთნელ პროცესს 19 მარტს შეუერთდებიან.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 მარტს, თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება. მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ და ლევან შენგელიამ ისაუბრეს. 

ლევან შენგელია (საქართველოს ნაკრების წევრი): "შემართება უმაღლეს დონეზე გვაქვს. თითოეულმა ფეხბურთელმა ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეს თამაშები. მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. 

ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ეროვნულ გუნდში პირველად გამომიძახეს, ჯაბა მაშინ კაპიტანი იყო და ზუსტად მახსოვს ის ლიდერული თვისებები, რაც მას გააჩნია. რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება ძალიან გამოგვადგება და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო". 

Nakrebi.ge