ავტორიზაცია

მამადუ სახო: საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ ამ კლუბს დიდი ამბიციები აქვს

მამადუ სახო: საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ ამ კლუბს დიდი ამბიციები აქვს
თარიღი 13 Jun 2024, 16:43
დღეს, ფრანგმა ფეხბურთელმა, მამადუმ სახომ თბილისში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ქუთაისის ტორპედოსთან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში კონტრაქტი გააფორმა.

პარი სენ-ჟერმენისა და ლივერპულის ყოფილმა მცველმა მედიასთანაც ისაუბრა და საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებს შეეხო:

"კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ტორპედოს დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა.
 
ფეხბურთის მეშვეობით ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გაქვს. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება, რადგან საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი - გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო.
 
კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ, ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩემთვის ეს ძალიან ემოციური მომენტია. 13 წლის ასაკში მამა დავკარგე. ბავშვობის წლები ქუჩაში, სიცივეში გავატარე. არაერთი დაბრკოლების გადალახვა მომიწია.
 
დღევანდელ დღემდე ასე მოვედი… ვფიქრობ, რომ ჩემი ჩართულობა ახალგაზრდების ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. მე მათთვის ბევრი მაქვს სათქმელი.

დღეს ჩემი შვილიც აქ არის, ჩემთან ერთად. ჩემთვის ფინანსური მხარე მეორეხარისხოვანია. მთავარი, რის გამოც საქართველოში ჩამოვედი, ის ამბიციებია, რომელიც ამ კლუბს აქვს და ის ჩართულობაა, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრებაში მექნება. მე აქ იდეის გამო ვარ."

34 წლის ფეხბურთელი ბოლოს სამშობლოში, მონპელიეს რიგებში თამაშობდა. ნოემბერში მან კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და ახალ გუნდს ეძებდა. საბოლოოდ, ის საქართველოში ჩამოვიდა და ტორპედოში ითამაშებს.