"მინდოდა უფრო ემოციურად ამეღნიშნა" - ზივზივაძემ კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა
უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ფეჰერვარი საკუთარ მოედანზე უიპეშტთან 1-2 დამარცხდა.
სტუმართა შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელებმა გიორგი ბერიძემ და ბუდუ ზივზივაძემ პირველივე წუთებიდან ითამაშეს.
ბუდუ ზივზივაძე რამდენიმე დღის წინ ფეჰერვარმა უიპეშტში ზაფხულამდე იჯარით გაუშვა და ქართველმა ფორვარდმა მათ პირველივე შეხვედრაში გაუტანა. ეს გოლი ქართველი ფორვარდისთვის საიუბილეო აღმოჩნდა. ბუდუ ზივზივაძემ ოფიციალურ შეხვედრებში მე-100 გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ GOAL.GE უიპეშტის ქართველ ფორვარდ ბუდუ ზივზივაძეს დაუკავშირდა და მას გაესაუბრა.
-სადებიუტო გოლი პირველივე მატჩში ფეჰერვარის წინააღმდეგ. წარმოიდგენდი ასეთ სცენარს?
-როცა მოლაპარაკებები დაიწყო იჯარით უიპეშტში გადასვლასთან დაკავშირებით, პირველი ცხრილს ჩავხედე. მაინტერესებდა, როდის იყო თამაში ფეჰერვარის წინააღმდეგ და აღმოჩნდა, პირველივე შეხვედრაში. მოუთმენლად ველოდი გუშინდელ დღეს, ძალიან მოტივირებული ვიყავი და მჯეროდა, გოლს გავიტანდი. ასეც მოხდა და ბედნიერი ვარ, რადგან გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე.
-ფეჰერვარის კარში გატანილი გოლი საიუბილეო იყო. მე-100 გოლი ოფიციალურ მატჩებში... ამაყი ხარ მიღწევით?
-ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, მე-100 გოლი მინდოდა ემოციურად აღმენიშნა, თუმცა გავუტანე ყოფილ გუნდს, სადაც ჩემი ბევრი მეგობარი თამაშობს და მათ პატივი ვეცი. ეს იყო ყველა ტურნირზე გატანილი მე-100 გოლი და იმედია აღნიშნულ ნიშნულს უმაღლეს ლიგაში თამაშების მიხედვითაც მივაღწევ, მხოლოდ 15 გოლია დარჩენილი.
უიპეშტის მისია მიმდინარე წელს ჩემპიონატში დარჩენაა. 21 ტურის შემდეგ ქართველების გუნდი 21 ქულით მე-11 პოზიციაზეა.