"მისი ყოველთვის მჯეროდა" - ზირას მწვრთნელი დავით ვოლკოვზე
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-11 ტურში ზირამ საბაილი მიიღო და 3-1 მოუგო.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი შემტევი დავით ვოლკოვი იყო, რომელმაც 47-ე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა, 74-ე წუთზე კი საგოლე პასი გააკეთა.
"სატრანსფერო შეთავაზებების შესახებ ჩვენს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნებით და არც დავით ვოლკოვი იქნება გამონაკლისი. თუ გუნდის წინადადება შემოვა, აუცილებლად ვეტყვით მას.
დავით ვოლკოვი ზირასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მისი ყოველთვის მჯეროდა, ვენდე და ეს ნდობა გაგვიმართლა," - განაცხადა ზირას მწვრთნელმა რაშად სადიგოვმა.
მიმდინარე სეზონში დავით ვოლკოვმა ზირას მაისურით 11-ჯერ ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.