მორიგი ახალი გუნდის ძიებაში - მარიო ბალოტელი მონცას ტოვებს

იტალიური „მონცას“ თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიცვლის.
ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტის გაფორმებისას, ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე შეათანხმა, რომელიც ავტომატურად გახანგრძლივდებოდა, თუ „მონცა“ სერია ა-ში გადასვლას მოახერხებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ადრიანო გალიანის და სილვიო ბერლუსკონის გუნდს ფეხი პლეი-ოფში დაუცდა და სერია ბ-ში დარჩენა მოუწია, ბალოტელის ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება.
ამრიგად, ზაფხულიდან 30 წლის მარიო ისევ თავისუფალი აგენტი გახდება და ახალი გუნდის ძიება მოუწევს.
„მილანის“ ყოფილი მფლობელების გუნდში ბალოტელიმ 14 მატჩის ჩატარება მოასწრო და 6 გოლიც გაიტანა.
კარიერის მანძილზე აწ უკვე ყოფილ „სუპერ მარიოს“ ისეთ გუნდებში აქვს ნათამაშები, როგორებიცაა: მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ინტერი, მილანი, ნიცა და მარსელი.