ნაკრებმა ტირანაში მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. ტირანაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი და ქართული მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ჩვენი გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა.
ვარჯიშამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი და ქართული მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ჩვენი გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ალბანეთის ნაკრებს, საქართველოს მსგავსად, ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. მაღალი ინტენსივობით ჩაატარეს თითოეული თამაში. ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან.
ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ.
ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეასრულებს პენალტს - ხვიჩა, მიქაუტაძე თუ გველესიანი, რომელიც 11-მეტრიანების ექსპერტია. მთავარი გოლის გატანაა. ევროპის ჩემპიონატზე პენალტის შესრულებისას კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ერთმანეთთან საუბრის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გუნდური მუშაობის მაგალითი. არის დეტალები, რასაც წინასწარ ვგეგმავთ, მაგრამ მოედანზე ზოგჯერ რაღაც იცვლება და ფეხბურთელებმა უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა. ხვიჩამ ამჯერად შესანიშნავად შეასრულა პენალტი და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო მატჩებშიც ასე იქნება".
გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "რთულ თამაშს ველოდებით. სანაკრებო დონეზე გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვიცით, რომ ყველ ბილეთი გაყიდულია. ალბანეთის ნაკრებს კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. ჩვენი გუნდი კარგ ფორმაში ხვდება თამაშს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.
ჩემი პირველი სანაკრებო მშრალი მატჩი სწორედ ამ სტადიონზე ჩავატარე. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ევროპული კარიერა, ახლა კი, მეტი გამოცდილება მაქვს და ვეცდები ხვალინდელ შეხვედრაშიც კარგად ვითამაშო.
მიუხედავად ანგარიშისა, ჩეხეთთან რთული თამაში გამოვიდა. კარგად ვითამაშეთ და სწორედ ამიტომ დაფიქსირდა ასეთი სხვაობა. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს. ვუყურებდი და სიამოვნებას ვიღებდი ჩეხეთთან შეხვედრაში მათი თამაშისგან.
მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, ვერც გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ცუდ და კარგ პერიოდშიც გვეხმარებიან და ყველაფერს გავაკეთებთ მათთვის. ერთი გუნდი ვართ და მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის".
ჩეხეთთან მატჩი შეაფასეს და ალბანეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრეს ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა, საბა გოგლიჩიძემ და ლუკა ლოჩოშვილმა.
საბა გოგლიჩიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "ჩეხეთის ნაკრების სახით ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. კარგად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის, ასი პროცენტით დავიხარჯეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას".
ლუკა ლოჩოშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "დაძაბულ ბრძოლას ველი. ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია. მეტოქე შევისწავლეთ და ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას".
ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა.
ალბანეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
Nakrebi.ge