ავტორიზაცია

ნაპოლიში კვარაცხელიას შემცვლელი იპოვეს?

ნაპოლიში კვარაცხელიას შემცვლელი იპოვეს?
თარიღი 19 Jun 2025, 14:29
ნაპოლიში ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ. კლუბმა ლუკა მარიანუჩი და კევინ დე ბრუინი უკვე წარადგინა, თუმცა ანტონიო კონტეს გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. "პარტენოპეი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დაახლოებით 5-6 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.

იტალიის ჩემპიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი შემტევი ფეხბურთელის დამატება იქნება. კლუბში ფიქრობენ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაშვებული შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს და მომდევნო სეზონის დაწყებამდე, გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი უნდა დაიმატოს. ვინ არის მთავარი სამიზნე?

ანტონიო კონტეს რჩეული დან ნდოია! ნაპოლი ბოლონიას 24 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე რამდენიმე დღეა, რაც მუშაობს. კლუბსა და ნდოის შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, დარჩენილია მხოლოდ სატრანსფერო თანხაზე შეთანხმება, რაც დიდი ალბათობით დროის საკითხია.

ბოლონია დან ნდოის დაახლოებით €35-40 მილიონად აფასებს. უახლოეს საათებში ნაპოლის სპორტული დირექტორი ფეხბურთელის აგენტს კიდევ ერთხელ შეხვდება, რის შემდეგაც, "პარტენოპეი" ბოლონიასთან მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს.

დან ნდოი ბოლონიას ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს. შვეიცარიელმა ვინგერმა ამ დროში 75 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 11 გოლი და 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ნაპოლი დან ნდოის გარდა შეტევაში სხვა კანდიდატურებსაც აქტიურად განიხილავს. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ "პარტენოპეიში" ჯეიდონ სანჩოს, ჯეკ გრილიშისა და ალეხანდრო გარნაჩოს ვარიანტებიც ძალიან მოსწონთ.