ოფიციალურად: ბათუმში საქართველოსა და საბერძნეთის დღევანდელი მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს გასამართი შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში წერია, ეს გადაწყვეტილება ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.
"საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა".
"მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველო - საბერძნეთი დღეს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე შედგება და სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს.