ოფიციალურად: დიდებული ამბავი - ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინთან კონტრაქტი არა შეაჩერა, არამედ გაწყვიტა
„დინამო ბათუმის" სპორტულმა დირექტორმა, ვლადიმერ დვალიშვილმა ქართველებისთვის მეტად სასიხარულო ინფორმაცია გვამცნო.
როგორც აღმოჩნდა, ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან" კონტრაქტი არა შეაჩერა, როგორც იწერებოდა, არამედ საბოლოოდ გაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში, ქართველს რუსულ კლუბში დაბრუნება აღარ მოუწევს.
დვალიშვილი: "მისი აგენტი ჩემი ძველი მეგობარია. მან მითხრა, რომ ხვიჩას „დინამო ბათუმში" წაყვანის შანსი გვაქვს და მე უმალვე დავთანხმდი. ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და უახლოეს ზაფხულს ძალიან საინტერესო ამბები გველოდება. ხვიჩა თავად გადაწყვეტს, დარჩეს თუ წავიდეს.
მან თავის ყოფილ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა, ჩვენთან გადმოვიდა როგორც თავისუფალი აგენტი და „რუბინში" აღარ დაბრუნდება." - აღნიშნა ფუნქციონერმა.
დამატებითი დეტალები შემოგვთავაზა უკვე ყაზანური გუნდის ოფიციალურმა პრესსამსახურმა: "თავდაპირველად ხვიჩასთან კონტრაქტი უბრალოდ შეჩერდა. თუმცა, დამატებითი მოლაპარაკებების შემდეგ, ფეხბურთელს ხელი შევუწყვეთ და მასთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ.
გავითვალისწინეთ რა ის ფაქტი, რომ ის და მისი ოჯახი საქართველოში კრიტიკის ქვეშ მოექცნენ რუსულ კლუბში თამაშის გამო და ეს გადაწყვეტილება, ხვიჩას მომავლის სასიკეთოდ იქნა მიღებული.
სამომავლოდ კლუბი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე იმოქმედებს. შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. კლუბი ხვიჩასთან მუდმივ კონტაქტზეა." - უთხრა კლუბმა რუსულ გამოცემა Championat-ს.