ოფიციალურად: ახალი სეზონიდან, იტალიის ჩემპიონატში 88-ნომრიანი მაისურების ტარება აიკრძალება

იტალიური ფეხბურთის ფედერაციამ ახალი სეზონიდან ფეხბურთელებს ზურგზე 88-ნომრიანი მაისურების ტარება აუკრძალა.
ამის მიზეზი ფეხბურთში „ანტი-სემიტიზმთან" ბრძოლაა. საქმე ისაა, რომ აღნიშნულ ნომერს „ნეო-ნაცისტები" გერმანელი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერის სადიდებლად იყენებენ.
ასო H ლათინურ ანბანში რიგით მერვეა და 88 ნომერი ფრაზა „Heil Hitler-ის" სიმბოლიკას წარმოადგენს, რის გამოც ახალი სეზონიდან იტალიაში ფეხბურთელებს აღნიშნული ნომრის ტარება აეკრძალებათ.
შესაბამისად, „ლაციოს" ფეხბურთელს ტომა ბაშიჩს და „ატალანტას" მარიო პაშალიჩს ახალ სეზონში სხვა ნომრის შერჩევა მოუწევთ, რადგან აქამდე ისინი სწორედ 88-ნომრიანი მაისურებით თამაშობდნენ.
აღნიშნული ინფორმაცია იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა.
„მსოფლიო ფეხბურთი ანტისემიტიზმთან და დისკრიმინაციის ყველანაირ ფორმასთან ბრძოლაში გაერთიანებულია.", - ასე განმარტა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება.