ოლიმპიადის მორიგი დღე - ვის უნდა ველოდოთ ქართველებიდან 27 ივლისს?
დღეს, 27 ივლისს, საქართველოსთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ნაკლებად აქტიური, მაგრამ ოქროს მოლოდინის დღეა.
საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებში დღეს მხოლოდ ერთ სპორტსმენს ვიხილავთ - ძიუდოში 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებს და ქვეყნისთვის პირველი ოქროს მოპოვებას შეეცდება.
პირველ ბრძოლას გრიგალაშვილი ტოკიოსთვის ტრადიციულად გამთენიისას გამართავს, ხოლო ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ფინალური ბლოკი უკვე 12:00 საათიდან დაიწყება.
ცოტა რამ ტატო გრიგალაშვილზე
1999 წლის 1 დეკემბერს ქარელში დაბადებულ სპორტსმენს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე დიდი დამსახურებები გააჩნია.
ტატო გრიგალაშვილმა 2020 წელს პრაღაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოახერხა პირველი ადგილის დაკავება, 2021-ში კი წარმატებებს შორის ყატარში გამართული მსოფლიო მასტერსის ჩემპიონობაა.
მისი ასაკიდან გამომდინარე (21) ადვილი მისახვედრია, რომ გრიგალაშვილისთვის ეს პირველი ოლიმპიადაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ის მისთვის, ისევე როგორც 2012 წელს ლაშა შავდათუაშვილისთვის, წარმატებული გამოვა.
ჯერჯერობით, საქართველოს მონაგარი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 2 ვერცხლის მედალს შეადგენს, ორივე - ძიუდოში.
25 ივლისს ვერცხლის მედალი ქვეყანას ვაჟა მარგველაშვილმა მოტუანა, გუშინ, 26 ივლისს კი იგივე ლაშა შავდათუაშვილმა გააკეთა, რომელიც ისტორიაში პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე მოახერხა მედლის მოპოვება.