ოლიმპიადის მორიგი დღე - ვის ველოდოთ ქართველებიდან?
28 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას სამი ქართველი მიიღებს.
ჩოგბურთში საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში ითამაშებს და სახელოვან მეტოქეს, ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება.
ბასილაშვილისთვის ეს მიმდინარე ოლიმპიადაზე ჯერჯერობით ყველაზე დიდი ტესტი იქნება - პირველ წრეში მისი მეტოქე ესპანელი კარბალეს ბაენა იყო, რომელიც ნიკამ ორ სეტში დაამარცხა, მეორეში კი მან იტალიელ ლორენცო სონეგოს, უკვე სამ სეტში მოუგო.
ახლა კი მერვედფინალში ზვერევის ჯერი დადგა, რომელიც ოლიმპიადაზე მე-4 ნომრად არის განთესილი. გერმანელმა პირველ წრეში ტაივანელ ლუ-სუნ იენს ორ სეტში მოუგო, შემდეგ კი კოლუმბიელი გალან რივეროსი არ შეიჩმია და ასევე სეტწაუგებლად დაამარცხა.
ბასილაშვილისთვის და ზვერევისთვის ეს მე-5 შეხვედრა იქნება და სამწუხაროდ, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ალექსის მხარეზეა: 3 მოგება ნიკოლოზის ერთის სანაცვლოდ.
ძიუდოში -90 კგ წონით კატეგორიაში 21 წლის ქართველი ლაშა ბექაური მიიღებს მონაწილეობას და საქართველოსთვის პირველი ოქროს მოტანას შეეცდება. 2021 წელს ბექაურმა დიდ წარმატებას მიაღწია და ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილის მოპოვება შეძლო.
100-მეტრზე ცურვაში საქართველოს სახელით კი 20 წლის მარიამ იმნაძეს ვიხილავთ, რომელსაც კარიერული წარმატებები ჯერ კიდევ წინ აქვს, იმედია - ამ ოლიმპიადაზევე.