ავტორიზაცია

ორდღიანი ლოდინი დასრულებულია, დღეს პირველ ნახევარფინალურ წყვილს შევიტყობთ

ორდღიანი ლოდინი დასრულებულია, დღეს პირველ ნახევარფინალურ წყვილს შევიტყობთ
თარიღი 09 დეკ 2022, 10:31
ყველაზე ხანგრძლივი და უფეხბურთოდ მოსაწყენი ორი დღე გავიდა და როგორც იქნა, მსოფლიო ჩემპიონატი ბრუნდება. თანაც, როგორ ბრუნდება?! პირდაპირ მეოთხედფინალებით, თანაც ერთით კი არა - ორით!

19:00 ხორვატია - ბრაზილია



დღეს ორი ევროპული-სამხრეთამერიკული დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით და ფავორიტები ორივე შემთხვევაში ამერიკის კონტინენტის წარმომადგენლები იქნებიან. თუმცა, ცალ-ცალკე სჯობს განვიხილოთ.

ხორვატიის ნაკრები ამ მუნდიალზე აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ის, რაც 2018-ში მოხდა, შემთხვევითობა სულაც არ ყოფილა და ბელგიის კი არა, ხორვატიის ამ თაობას უნდა ვუწოდოთ „ოქროსი“, რადგან მცირე ცვლილებებთან ერთად, გუნდი 4 წლით მობერებული შემადგენლობითაც ახერხებს ჯერ საკმაოდ მძიმე ჯგუფიდან გასვლას, შემდეგ ისევ თავის სტილში - დამატებითში და შედეგად პენალტებში იაპონიას უგებს და ბრაზილიაზე გადის.

თუმცა, ბრაზილიასთან ხორვატები ფავორიტები ვერ იქნებიან, რადგან პენტაკამპეონები ამ ტურნირის მთავარ ფავორიტებად მოიაზრებიან და ცალკეულ მატჩებშიც ცხადია, მოგების მთავარი პრეტენდენტებიც თავად იქნებიან.

თუ წინა ტურში ხორვატიას 120 წუთის გატარება მოუწია მოედანზე, ბრაზილიამ შეიძლება ითქვას რომ 45 წუთი გაატარა, რადგან სამხრეთ კორეას პირველივე ტაიმში ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა და გაჩერდა, რამაც აზიელებს ბურთის მოსინჯვის და შემდეგ გოლის გატანის საშუალებაც მისცა.

ურთიერთშეხვედრები: 4

ხორვატია: 0
ფრე: 1
ბრაზილია: 3
ხორვატიის გოლები: 2
ბრაზილიის გოლები: 7

პირველი მატჩი: 2005 წლის 17 აგვისტო, ხორვატია 1-1 ბრაზილია
ბოლო მატჩი: 2018 წლის 3 ივნისი, ბრაზილია 2-0 ხორვატია

ხორვატიის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი

ბრაზილიის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 4 მოგება, 1 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

ხორვატია: ლივაკოვიჩი, ჯურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა, კოვაჩიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, კრამარიჩი, პეტკოვიჩი, პერიშიჩი

ბრაზილია: ალისონი, მილიტაო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, დანილო, კაზემირო, პაკეტა, რაფინია, ნეიმარი, ვინისიუსი, რიჩარლსიონი.

23:00 ნიდერლანდები - არგენტინა




მეორე ნახევარფინალში კი ხორვატია/ბრაზილიის ნახევარფინალურ მეტოქეს სწორედ ეს გუნდები გაარკვევენ.

ორივე გუნდმა ჯგუფში ორაზროვანი შთაბეჭდილება დატოვა - კი, ორივემ პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ხალხის კრიტიკა ორივეს ერგო. არგენტინას საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხისთვის, ნიდერლანდებს კი შედარებით უსახური თამაშისთვის. თუმცა, ევროპელებს ამ ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ.

საინტერესოა, რომ 71 წლის სპეციალისტს მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩი ძირითად დროში არასდროს არ წაუგია - 2014-ში მისი ნიდერლანდები სწორედ არგენტინასთან პენალტებში დამარცხდა, წელს კი გუნდი ჯერჯერობით კვლავ წაუგებელია. მსოფლიოზე კი არა, ლუის დაბრუნების შემდეგ, ნაკრებმა 18 მატჩი ჩაატარა და ჯერ წაგების გემო არ იცის.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ლეო მესის და კამპანიას ადგილი გასეირნება ნამდვილად არ ექნებათ, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი გენია საოცარ ფორმაშია და ამ ტურნირის მოსაგებად ყველაფრის გაღებას აპირებს.

ურთიერთშეხვედრები: 9

ნიდერლანდები: 4 მოგება
ფრე: 2
არგენტინა: 3 მოგება
ნიდერლანდების გოლები: 13
არგენტინის გოლები: 6

პირველი მატჩი: 1974 წლის 26 მაისი, ნიდერლანდები 4-1 არგენტინა
უკანასკნელი მატჩი: 2014 წლის 9 ივლისი, არგენტინა 0-0 ნიდერლანდები (პენალტებში 4-2).

ნიდერლანდების ფორმა ბოლო 5 მატჩში: 4 მოგება, 1 ფრე

არგენტინის ფორმა ბოლო 5 მატჩში: 4 მოგება, 1 მარცხი

სავარაუდო შემადგენლობები:

ნიდერლანდები: ნოპერტი, ტიმბერი, ვან დეიკი, აკე, დუმფრისი, დე იონგი, დე როონი, ბლინდი, კლაასენი, გაკპო, დეპაი

არგენტინა: მარტინესი, მოლინა, რომერო, ოტამენდი, აკუნია, ენცო ფერნანდესი, დე პაული, მაკ ალისტერი, დი მარია, მესი, ალვარესი.