პედრიმ ამ სეზონში 72-ე მატჩი ჩაატარა და აბსოლუტურ რეკორდამდე ფინალში მონაწილეობა აშორებს

ესპანეთის ნაკრების და „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, პედრიმ ოლიმპიადის ნახევარფინალში 83 წუთი ითამაშა.
ესპანეთის ოლიმპიური ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა და ექსტრა-ტაიმში ასენსიოს გოლით 1:0 მოიგო.
ეს მატჩი პედრისთვის ამ სეზონში 72-ე გამოდგა და მან პორტუგალიის ნაკრების და „მან.იუნაიტედის“ ნახევარმცველის, ბრუნო ფერნანდეშის შედეგი გაიმეორა.
თუ 18 წლის პედრი ბრაზილიასთან გასამართ ფინალშიც გავა მოედანზე, ის ამ სეზონში 73-ე მატჩს ჩაატარებს და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური ლიდერი გახდება.
საინტერესოა, რომ „ბარსელონამ“ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე საკმაოდ დიდი ხანია დაიწყო, პედრისთვის კი ჯერ წინა სეზონი ოფიციალურად არც დასრულებულა - ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, ის ოლიმპიადაზეც გამოცხადდა.