რა ნომერს მოირგებს ენდრიკი რეალში?

ენდრიკი მალე პალმეირასიდან მადრიდის რეალს შეუერთდება. ის უკვე მადრიდელთა ფეხბურთელია, მაგრამ სამშობლოს 18 წლამდე (ის სრულწლოვანი 21 ივლისს ხდება) ვერ დატოვებს.
AS-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ტალანტი “ლოს ბლანკოსში” 16-ნომრიან მაისურს მოირგებს, ვინაიდან, ეს ნომერი ამჟამად ვაკანტურია (16-ს ბოლოს 2022/23 წლების სეზონში ალვარო ოდრიოსოლა ატარებდა).
ასევე, წარსულში ეს ნომერი კაზემიროს, რაულს, ფერნანდო იეროსა და ემილიო ბუტრაგენიოს მოურგიათ, მაგრამ მხოლოდ თითო-თითო სეზონით.
ენდრიკი პალმეირასში მე-9 ნომერია და მოსალოდნელია, რომ ბრაზილიის ნაკრებშიც ამ ნომერს მოირგებს, მაგრამ მომავალ სეზონში რეალში ქარიმ ბენზემას მიერ დატოვებულ მაისურს, დიდი ალბათობით, კილიან მბაპე გადაიბარებს.