ავტორიზაცია

რაფინია: ბარსელონას ფანებზე ნაწყენი ვიყავი

რაფინია: ბარსელონას ფანებზე ნაწყენი ვიყავი
თარიღი 22 Oct 2024, 20:08
ბარსელონას ერთ-ერთმა ლიდერმა და კაპიტანმა, რაფინია ბელოლიმ ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნთან ხვალ გასამართი მატჩის წინ ემოციური კომენტარი გააკეთა.

"Instagram-ზე ფოტოები ვნახე, თუ როგორ ეჭირათ ბარსას ქომაგებს ჩემი 11-ნომრიანი მაისურები სხვისი სახელით. ვფიქრობდი, რომ ეს ცუდი ხუმრობა და შეურაცხმყოფელი ჟესტი იყო.

ხალხმა თავისი გუნდის ფეხბურთელებს პატივი უნდა სცეს. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და კლუბისთვის ვიბრძვით. ასეთი ფოტოების ნახვა ჩემთვის სასიამოვნო არ ყოფილა... ცოტათი ნატკენი ვიყავი," - განაცხადა ბრაზილიელმა პრესკონფერენციაზე.

საუბარი ნიკო უილიამსზეა, რომლის შეძენასაც კატალონიური კლუბი გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად ცდილობდა, თუმცა, საბოლოოდ, ტრანსფერი ჩაიშალა და ფეხბურთელი ბილბაოში დარჩა.

რაც შეეხება რაფინიას - ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში უბრალოდ ბრწყინვალე ფორმაშია: მან 12 მატჩში უკვე 6 გოლი და ამდენივე ასისტი მიითვალა.