რაფინიას სასურველი კლუბი შერჩეული ჰყავს და ოფიციალურ წინადადებას ელოდება
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ უსმან დემბელეს შემცვლელად "ლიდსის" გარემარბს, რაფინია დიასს განიხილავს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიელები ბრაზილიელის შეძენას იმ შემთხვევისთვის გეგმავენ, თუ ფრანგი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და კლუბიდან წავა.
თავად რაფინიასთვისაც კარიერის "ბლაუგრანაში" გაგრძელება პრიორიტეტული ვარიანტია, ამიტომაც სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს ჯერ არ აწარმოებს. იგი მზადაა "ბარსას" დაელოდოს, თუმცა ხვდება, რომ სხვა გუნდებში ბევრად მეტი ფულის გამომუშავება შეუძლია.
ამ კვირაში დიასის აგენტი, დეკო ესპანეთის ვიცე-ჩემპიონების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა გაარკვიოს, რამდენად სერიოზულია მათი გეგმები. ჯერჯერობით, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" არანაირი კონკრეტული შეთავაზება არ გაუკეთებიათ.
რაფინიათი "ლივერპული", "ჩელსი" (თუ დემბელე "არისტოკრატთა" რიგებს არ შეუერთდა) და "არსენალიც" ინტერესდებიან. ეს კლუბები 25 წლის შემტევზე ზეწოლას ახდენენ იმის იმედით, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარ მომავალზე.
გასულ სეზონში რაფინიამ ყველა ტურნირზე ერთად "ლიდსის" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.