ავტორიზაცია

რატომ თამაშობს გერმანიის ნაკრები თეთრი მაისურით?

რატომ თამაშობს გერმანიის ნაკრები თეთრი მაისურით?
თარიღი 30 მაი 2024, 16:15
სულ მალე გერმანიაში სტარტს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი აიღებს - ტურნირზე, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნაკრები, გერმანია ყურადღების ცენტრში იქნება.

ევრო 2020-ზე "ბუნდესნაკრებმა" წარმატებას ვერ მიაღწია და მერვედფინალში ინგლისთან 0-2 წააგო. იმედგაცრუება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც გაგრძელდა, სადაც ჰანსი ფლიკის მიერ გაწვრთნილი გუნდი ჯგუფში ჩარჩა - გერმანელებმა იაპონიასთან წააგეს, ესპანეთთან ფრედ ითამაშეს და მხოლოდ კოსტა რიკა დაამარცხეს.

მიუხედავად ამისა, მწვრთნელად იულიან ნაგელსმანის დანიშვნის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა და თანაც, ჯამალ მუსიალამ და ფლორიან ვირტცმა გაბრწყინება დაიწყეს.

წარმატებული წარსულის გარდა, შეგვიძლია, ისიც ვახსენოთ, რომ გერმანიამ ისტორიის განმავლობაში არაერთი ლამაზი ფორმა შექმნა, მაგალითად - 1990 წლის მუნდიალისთვის მაისური, რომელიც კლასიკად იქცა.


ინგლისის, ბელგიის საფრანგეთის, ესპანეთისა და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის ნაკრებისგან განსხვავებით, გერმანიის სათამაშო ფორმა ეროვნულ დროშასთან დაკავშირებული არაა.

გერმანიის დროშა წითელ, შავ და ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი, მაგრამ გერმანიის ნაკრები თეთრი ფორმით თამაშობს. ამის მიზეზი პრუსიაა - ისტორიული სახელმწიფო, რომელიც რუსეთიდან საფრანგეთის დასავლეთ საზღვრამდე იყო გადაჭიმული.

პრუსიის (ასევე ცნობილი როგორც გერმანიის იმპერია) დროშა თეთრ ფერში იყო გადაწყვეტილი, რომელსაც ცენტრში შავი ჯვარი ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით, ის არწივით შეცვალეს, რაც ნაკრების ლოგოზე ახლაც ჩანს.

1899 წელს, დაარსების დროს, გერმანიის ნაკრებმა გადაწყვიტა, პრუსიის ფერები აერჩია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამეფო 2 დეკადის შემდეგ დაიშალა.

ისიც აღსანიშნავია, რომ გერმანია ერთადერთი ნაკრები არაა, რომელსაც მსგავსი ტრადიცია აქვს - მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდების დროშა წითელ, ლურჯ და თეთრ ფერებს მოიცავს, ამ ქვეყნის ნაკრები ნარინჯისფერი მაისურითაა ცნობილი.

გერმანია ევრო 2024-ზე ჯგუფში შოტლანდიას, უნგრეთსა და შვეიცარიას დაუპირისპირდება. თუ გუნდი მერვედფინალში გავა, შესაძლოა, ისევ ინგლისს შეხვდეს და 2020 წლის ჯახის დრამატული გამეორება ვიხილოთ.