რეალი ბენზემას გარეშე, ჰოლანდი მორიგი მსხვერპლის მოლოდინში და მილანი - იუვენტუსი! ტოპ-მატჩების საღამო
უიქენდის მოსვლასთან ერთად, ტრადიციისამებრ დღეს გაიმართება ევროპის ტოპ-ჩემპიონატების მატჩები, რომელთა შორის საუკეთესოც ამ სიახლეში მიმოვიხილოთ და გავიგოთ, განსაკუთრებით რის გამოტოვება არ შეიძლება.
„სასუოლო“ – „ინტერი“ (17:00)
„ინტერი“ ბოლო დროს ჩემპიონატში საშინელ ფორმაშია - გუნდმა ბოლო 4 შეხვედრაში 3 წააგო და 8 ტურში 12 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. იმდენივე ქულა აქვს „სასუოლოსაც“, რომელიც ერთი პოზიციით მაღლა დგას.
„ბარსელონასთან“ საშინაო მოგებით ინძაგის გუნდმა ხასიათი ცოტა გამოიკეთა და დღეს გამარჯვების მოპოვებას ეცდება. თუმცა, სტუმრად ამის გაკეთება ადვილი არ იქნება.
„ჩელსი“ – „ვულვზი“ (18:00)
გრემ პოტერთან ერთად „ჩელსიმ“ პრემიერ ლიგაში ჯერ ერთი მატჩი ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა - სტუმრად „კრისტალ პალასი“ დაამარცხა. გუნდი „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებელი გამარჯვების (3:0) შემდეგ ძალიან კარგ განწყობაზეა და დღეს წესით „ვულვსზთანაც“ არ უნდა შეექმნას პრობლემები, რომელსაც 8 მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და 6 ქულით გასავარდნ ზონაშია.
„მანჩესტერ სიტი“ – „საუთჰემპტონი“ (18:00)
„წმინდანები“ ემზადებიან იმისთვის, რომ ერლინგ ჰოლანდის მორიგი მსხვერპლნი არ გახდნენ, რაც „ეტიჰადზე“ ორმაგად რთული იქნება, რადგან პრემიერ ლიგაში „სიტის“ ბოლო სამ საშინაო შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა. „სიტი“ 20 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ „არსენალს“ მხოლოდ ერთ ქულით ჩამორჩება, „საუთჰემპტონი“ კი 7 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.
„მილანი“ – „იუვენტუსი“ (20:00)
დღის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა მილანში, სტადიონ „სან სიროზე“ გაიმართება, რომელშიც „მილანი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. სტეფანო პიოლის გუნდი 8 მატჩში 5 მოგებით, 2 ფრით და 1 მარცხით 17 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და ლიდერ „ნაპოლის“ 3 ქულით ჩამორჩება, „იუვენტუსი“ კი 13 ქულით 7-ზეა.
„ბორუსია დორტმუნდი“ – „ბაიერნი“ (20:30)
სამწუხაროდ, დროის მხრივ „მილანი“ – „იუვენტუსს“ თითქმის ემთხვევა გერმანული დერ კლასიკერიც, რომელშიც „სიგნალ იდუნა პარკზე“ „დორტმუნდი“ „ბაიერნს“ უმასპინძლებს.
ვერცერთმა გერმანულმა გრანდმა ჩემპიონატი საუცხოოდ ვერ დაიწყო - „ბაიერნს“ 8 მატჩში მხოლოდ 4 მოგება და 3 ფრე აქვს და 15 ქულით მე-3 ადგილს სჯერდება, „დორტმუნდი“ კი ამდენივე ქულით მე-5 პოზიციაზეა.
ლიდერი კი, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ბუნდესლიგაში ბერლინის „უნიონია“.
„ხეტაფე“ – „რეალი“ (23:00)
გასულ ტურში მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონატში პირველად ქულები დაკარგა, როცა საშინაო კედლებში „ოსასუნას“ ვერ მოუგო (ფრე 1:1), რის გამოც ლა ლიგაში ლიდერობა „ბარსელონამ“ გადაიბარა, თუმცა კატალონიელები წინ მხოლოდ ბურთების უპირატესობით არიან.
ამ შეხვედრაში „რეალს“ ტიბო კურტუა და კარიმ ბენზემა ვერ დაეხმარებიან, თუმცა „ხეტაფესგან“ დიდი ბრძოლა ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან გუნდს 7 ტურში მხოლოდ 7 ქულა აქვს და მე-14 პოზიციას იკავებს.