ავტორიზაცია

რევანშის და პირველი გამარჯვების მოლოდინი — საქართველო უკრაინას უმასპინძლებს

რევანშის და პირველი გამარჯვების მოლოდინი — საქართველო უკრაინას უმასპინძლებს
თარიღი 16 Nov 2024, 13:16
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლოსწინა, მე-5 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს — მატჩი ბათუმში გაიმართება და თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

4 ტურის შემდეგ, ჯგუფის მოგების შანსს ორივე გუნდი ინარჩუნებს — საქართველოს 6 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ჩეხეთს 1 ქულით ჩამორჩება. უკრაინა კი 4 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

ნაკრებების ბოლო დაპირისპირება პოლონეთის ქალაქ პოზნანში შედგა და უკრაინის გამარჯვებით დასრულდა — იმ მატჩში ერთადერთი გოლი მიხაილო მუდრიკმა პირველი ტაიმის მიწურულს, 35-ე წუთზე გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა და მის დამარცხებას ვერ ახერხებს. 10 ურთიერთშეხვედრიდან 7 უკრაინელმა ფეხბურთელებმა მოიგეს, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის და ტრავმის გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ცენტრალური მცველები, ლაშა დვალი და საბა გოგლიჩიძე ვერ დაეხმარებიან, ხოლო უკრაინას დოვბიკი, ლუნინი, ციგანკოვი, ბუიალსკი და პიხალიონოკი დააკლდება.